„ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან 5 წლის განმავლობაში ექსპორტის 20%-ით ზრდა, აშშ-დან დამატებით 18 000 ტურისტის და 180 მლნ ინვესტიციის მოზიდვაა მოსალოდნელი"

ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დიალოგი გახდა უფრო აქტიური. კონსულტაციების ეტაპზე ვიმყოფებით. იმედი გვაქვს, რომ ახლა არის ის დრო, როდესაც საქართველომ შესაძლოა რაღაც პოზიტიური ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განუცხადა.

კითხვაზე, რა ეტაპზეა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, არველაძე პასუხობს, რომ საკითხი კონსულტაციების ეტაპზეა და მიდის მუშაობა, რომ მოლაპარაკებებისკენ გადაიდგას ნაბიჯები.

„ამერიკასთან ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დიალოგი გახდა უფრო აქტიური. ვიმყოფებით კონსულტაციების ეტაპზე და განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს სანიტარული და ფიტოსანიტარული, ასევე ვაჭრობაში ბარიერების მიმართულებით. ჩვენი კოლეგები ამერიკიდან-ვაჭრობის წარმომადგენლობა ჩართულია ამ პროცესში, შესაბამისად, ექსპერტულ დონეზე გვაქვს შეხვედრები. აშშ-ს ვაჭრობის წარმომადგენლობა ეცნობა საქართველოს სავაჭრო პოლიტიკას, მათ შორის ევროპასთან დაახლოების მიმართულებით გვაქვს კონსულტაციები, რომ არ მოხდეს ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც შეზღუდავს ამერიკულ პროდუქტს. ასევე გვაქვს პოლიტიკურ დონეზე მხარდაჭერა. იცით, რომ აშშ-სგან ორპარტიული მხარდაჭერა სხვადასხვა ეტაპზე გვქონდა, სადაც ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებდნენ, რომ საქართველო მნიშვნელოვანი და სტაბილური პარტნიორია და ჩვენთან შესაძლებელია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. შესაბამისად, ვმუშაობთ პოლიტიკურ დონეზე,რომ წინ გადავდგათ ნაბიჯები მოლაპარაკებების მიმართულებით,"-განაცხადა გენადი არველაძემ.

რაც შეეხება პროცესის ვადებს, მინისტრის მოადგილეს კონკრეტული ვადების დასახელება უჭირს, თუმცა აცხადებს, რომ რადგან ამერიკა კონცენტრირდება ორმხრივ შეთანხმებებზე, პოზიტიური მოლოდინი არსებობს.

„ამ ეტაპზე მე არ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ან ხვალ იგეგმება მოლაპარაკებები, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აქტიურ ფაზაში ვიმყოფებით კონსულტაციების მიმართულებით. ამერიკის დღის წესრიგში სხვადასხვა მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებები დგას. აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებდა კანადასთან, მექსიკასთან, ახლა მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებებია ჩინეთთან და რადგან აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია კონცენტრირდება ორმხრივ შეთანხმებებზე, იმედი გვაქვს, რომ ახლა არის ის დრო, როდესაც საქართველომ, შესაძლოა, რაღაც პოზიტიური ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტს, რომელსაც საქართველო ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში მიიღებს, არველაძის თქმით, წინასწარმა კვლევამ აჩვენა, რომ შეთანხმების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში მოსალოდნელია საქართველოდან ექსპორტის საშუალოდ 20%-ით ზრდა, ამერიკიდან დამატებით 18 000-ზე მეტი ტურისტის და 180 მილიონზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა.