„ჩვენს წარმატებას არ შევაფასებთ 20 ან 30 ლარით მომატებული ხელფასით და პენსიით, რომელიც წინასაარჩევნოდ ჩნდება და თან არა იმის ხარჯზე, რომ ეკონომიკა უკეთ მუშაობს, არამედ იმის ხარჯზე, რომ ხელისუფლებამ ვალი აიღო, რომლის გასტუმრებაც ჩვენ მოგვიწევს“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა მოძრაობის კიდევ 12 წევრის წარადგენისას განაცხადა.
ანა ნაცვლიშვილმა ასევე ისაუბრა ემიგრაციაზე და აღნიშნა, რომ თვალშისაცემია მდგომარეობა, როდესაც უამრავ ადამიანს უწევს ოჯახის წევრების დატოვება და უცხოეთში სამუშაოდ წასვლა.
მისივე თქმით, ადამიანებს „პიროვნული ტრაგედიისა და დანგრეული ოჯახების ფასად უწევთ როგორმე გადაარჩინონ თავიანთი შვილები და ახლობელი ადამიანები“.
„უამრავი ადამიანი ამბობს, რომ მათი შვილები, მშობლები, ოჯახის წევრები არიან წასულები უცხოეთში და ეს არ არის მათ მიერ და მათი სურვილით გაკეთებული არჩევანი, ისინი იძულებულები არიან, რომ დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა და წასულიყვნენ სხვაგან სამუშაოდ. ასევე, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც განათლება მიიღო საზღვარგარეთ და არის არაჩვეულებივი პროფესიონალი, დღეს საუბრობს იმაზე, რომ აღარ აპირებენ დაბრუნებას, რადგან ისინი ამ ქვეყანაში ვერ ხედავენ მათი პროფესიის და კვალიფიკაციის შესაბამისად დასაქმების პერსპექტივას. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა იმიტომ, რომ თუ ჩვენი ქვეყანა დაიცალა ასეთი რესურსისგან, სწორედ იმ რესურსისგან, რომელმაც ჩვენ ჭაობიდან უნდა ამოგვიყვანოს, იმაზე სერიოზული პრობლემები შეგვექმნება, ვიდრე დღეს გვაქვს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
„ლელოს“ სპიკერის თქმით, მათი მოძრაობის წარმატების საზომი სწორედ ამ ადამიანების სამშობლოში დაბრუნება იქნება.
„ჩვენი წარმატების საზომი იქნება ორი რამ: პირველი - ადამიანები, რომლებიც ახლა ჩემოდნებზე სხედან და ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ გამოვა, ეს ადამიანები, რომ გადაიფიქრებენ წასვლას, რადგან აქ დაინახავენ ღირსეული ცხოვრების რეალურ პერსპექტივას. მეორე - როდესაც ემიგრაციაში მყოფი შემდგარი ადამიანები, რომლებიც იქ კარგად დამკვიდრნენ და ავტორიტეტი აქვთ, იტყვიან, რომ „მე ვხედავ, გაცოცხლდა ჩემი ქვეყანა, გაცოცხლდა ჩემი პროფესია საქართველოში და საქართველო არის ძალიან კარგი, პერსპექტიული ქვეყანა“, შემდეგ ეს ადამიანი ადგება, ჩაალაგებს ჩემოდანს და თავის ოჯახთან ერთად აქ დაბრუნდება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.