11 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 250 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა,- ამის შესახებ ინფორამციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქალაქ ამბროლაურში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი მობილიზებულია, რომ მოსავლის დაბინავებამ ორგანიზებულად ჩაიაროს და ყველა მევენახეს მიეცეს მოსავლის დაბინავების შესაძლებლობა. წელს რაჭაში „ხვანჭკარის“ სანედლეულო ჯიშების - მუჯურეთულისა და ალექსანდროულის 1500 ტონამდე მოსავალს ელიან.
ამასთან, დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 10 ღვინის მწარმოებელი კომპანია სხვადასხვა ლოკაციაზე იბარებს ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს. რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დარეგისტრირებულია 40 ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვის პროცესში ჩაერთვებიან. ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.
რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთის რეგიონში, სადაც წელს გადამუშავებულმა ყურძენმა ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია: გადამუშავებულია 267 ათასი ტონა ყურძენი. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.