პრემიერი გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმების გამკაცრებას ითხოვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმის მაქსიმალურად გამკაცრებას ითხოვს.

ამ საკითხზე პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და გარემოს დაცვის მინისტრს შესაბამისი დავალება მისცა.

"წლების განმავლობაში არ ყოფილა კომპლექსური მიდგომა ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უახლოეს დღეებში შევა პარლამენტში, ამიტომ მინდა შევეხო ერთ-ერთ მძიმე საკითხს, რომელიც ყველა ნორმალურად მოაზროვნე მოქალაქეს უნდა აწუხებდეს, ეს არის ის, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი ანაგვიანებს გარემოს და ყრის ნაგავს იქ, სადაც არ შეიძლება ამის გაკეთება. მე უკვე გავიარე სტრატეგია, რომელიც მოამზადა გარემოს დაცვის სამინისტრომ - საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს ნაგვის დაყრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ჯარიმები - მინდა მოგიწოდოთ, რომ მაქსიმალურად გაამკაცრეთ ჯარიმები და ყველა ის ადამიანი, რომელიც ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცევა, მაქსიმალურად დააჯარიმეთ", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვის მინისტრს.