თამარ ჩუგოშვილი პიარის სამსახურის თანამშრომლების ანაზღაურებაზე - რატომ ხარჯავს პარლამენტი ხალხთან ურთიერთობაზე, ეს კითხვა მგონი, არც უნდა დაისვას

რატომ ხარჯავს პარლამენტი ხალხთან ურთიერთობაზე, ეს კითხვა მგონი, არც უნდა დაისვას. არავინ უნდა დახარჯოს იმდენი ხალხთან ურთიერთობაზე, რამდენიც პარლამენტმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა მედიას განუცხადა, რითაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც საჯარო უწყების პიარსამსახურებში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხების გაზრდას უკავშირდება.

ჩუგოშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტის შემთხვევაში, ყველა ხარჯი გამჭვირვალეა.

“ანგარიში არ მინახავს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დებს რესურსს პარლამენტი საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, აღნიშნულზე კითხვაც კი უცნაურია, რადგან საქართველოს პარლამენტი მთავარი ორგანოა, რომელიც პირდაპირ ხალხის წარმომადგენელია. არავის ისე არ ევალება საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამაში რესურსის ჩადება, როგორც პარლამენტს. ყველა ჩვენი ხარჯი და საქმიანობა არის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ შეიძლება დადგეს, რადგან ყველაფერი ღიაა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ხარჯავს პარლამენტი ხალხთან ურთიერთობაზე, ეს კითხვა მგონი, არც უნდა დაისვას. კარგად მოგეხსენებათ, არავინ უნდა დახარჯოს იმდენი ხალხთან ურთიერთობაზე, რამდენიც პარლამენტმა”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებების პიარსამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურების საკითხს ეხება. კვლევა 2017-2018 წლებს მოიცავს, რომლის თანახმადაც, 2017 წელს 194 უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურებამ, საერთო ჯამში, 18 111 258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი - 20 047 896 ლარი.