სკოლებში 4080 ვაკანტურ ადგილზე 2 300-მდე ახალი პედაგოგი მიიღეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის არც ერთი კლასი მასწავლებლის გარეშე არ არის, ვინაიდან დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე საათები სკოლაში ამ დრომდე მომუშავე პედაგოგებზე გადანაწილდა.
სკოლებში დიდი ოდენობის ვაკანსიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინიციატივის შემდეგ, საპენსიო ასაკის 6300 პედაგოგი ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ სკოლიდან წავიდა.
„2300-მდე ახალი პედაგოგი შევიდა სკოლაში. არც ერთი კლასი დღეს მასწავლებლის გარეშე არ არის. გარკვეულ დისციპლინებში პედაგოგების სიმცირე ყოველთვის არსებობდა საქართველოში. ჩვენი გეოგრაფიიდან გამომდინარე გვაქვს 1000-მდე სკოლა, სადაც ბავშვების რაოდენობა 100-ზე ნაკლებია. გვყავს 5- ბავშვიანი სკოლები, ერთბავშვიანი სკოლაც გვაქვს და ბუნებრივია, აქ საათების რაოდენობა იყო მცირე,“ - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე განმარტებით, „საათების დამსხვილება“ პედაგოგებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე მოხდა, რის მიხედვითაც, ერთი საგნობრივი ჯგუფის კომპეტენციადადასტურებულ პედაგოგს შეუძლია ასწავლოს ჯგუფში შემავალი ყველა საგანი.
„მაგალითად ფიზიკა შეუძლია ასწავლოს ბიოლოგიის მასწავლებელმა, მათემატიკის მასწავლებელმა, ქიმიის მასწავლებელმა და სხვა კომბინაციაც შეიძლება. ფიზიკაში კი იყო პედაგოგების ნაკლებობა, მაგრამ ფიზიკაში ზოგ სკოლას ქონდა 9 საათი, ზოგ სკოლას აქვს 12 საათი და მეზობელ სკოლებში გადავანაწილეთ საათები. თუ მუშაობდა ერთ სკოლაში, ახლა მუშაობს პედაგოგი ორ სკოლაში. ეს ეხება რეგიონების სკოლებს. სკოლაში არსებულ კადრებს დაუმსხვილდათ საათები. ახლა პედაგოგს 25 საათამდე შეუძლია ასწავლოს და მიიღოს ანაზღაურება. მაქსიმალური ოდენობა დაფინანსებული საათების - ეს არის 25 საათი. სკოლის დირექტორებს კი მცირეკონტიგენტიან მაღალი მთის სოფლებში 16 საათამდე მივეცით სწავლების საშუალება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ერთ- ერთ მაღალმთიანი რაიონის სკოლაში 16 მოსწავლე იყო, იქ იყო მათემატიკის პედაგოგის ვაკანტური ადგილი, თავად დირექტორი ასწავლიდა 10 საათს, ახლა მივეცით 16 საათის სწავლების შესაძლებლობა და სრულად დაიფარა ეს სკოლა. 6 საათზე, სხვა პედაგოგის დასაქმება და ამ მასწავლებლის შენახვა ძვირი დაჯდებოდა. ასე გადავავსეთ ეს ვაკანტური საათები. ყველაფერი გავაკეთეთ, 2083 სკოლა გავიარეთ,“ - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ბერიკა შუკაკიძემ.