ტოიოტა e-პალეტი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის მონაწილეებს მოემსახურება

„ტოიოტამ“ საზოგადოებას ის ავტომობილები წარუდგინა, რომლებიც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის და პარალიმპიური თამაშების მონაწილეებს მოემსახურება.

მათ შორისაა მცირე ავტონომიური ელექტრული შატლი „e-პალეტი“. ტოკიოს ოლიმპიადისთვის, ასეთი სულ 20 ცალი სამგზავრო პლატფორმის დამზადება იგეგმება.

იაპონურმა კომპანიამ „e-პალეტი“ 2018 წელს შეიმუშავა, ოლიმპიადისთვის კი მისი განსხვავებული ვერსია შექმნა, სახელად „ტოკიო 2020 ვერშენ“. მისი შემუშავების პროცესში, „ტოიოტას“ სპორტსმენებთან მუდმივი კონსულტაციები ჰქონდა და მათი საჭიროებები დაწვრილებით გამოიკვლია.

პროექტის ხელმძღვანელი ტაკაჰირო მუტა ამბობს, რომ ინჟინრებმა განსაკუთრებული ყურადღება, პარალიმპიელთა მოთხოვნებზე გაამახვილეს. ამის წყალობით, „e-პალეტი“ მაქსიმალურად არის ადაპტირებული მათს საჭიროებებზე. „ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი მანქანა არამხოლოდ უზრუნველყოფს ათლეტების ოლიმპიურ და პარალიმპიურ სოფლებში კომფორტულ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, არამედ მათ ერთმანეთთან მუდმივად კავშირზე ყოფნას, შთაბეჭდილებების გაზიარებას და ემოციებს შესთავაზებს“, - ამბობს მუტა.

სპორტსმენებთან კონსულტაციების შემდეგ, ინჟინრებმა „e-პალეტის“ კარები გააფართოვეს, რაც მასში სწრაფად და იოლად ჩასხდომის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, შატლს აქვს მოაჯირები, დასაკეცი სავარძლები და ოთხი ადგილი ეტლებისთვის. მას ერთდროულად 20 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

„e-პალეტი“ აღჭურვილია ავტონომიური მართვის მე-4 დონის სისტემით, რომელიც იყენებს კამერებს, LiDAR-ს, ასევე 3D რუქებს. მისი მეშვეობით, ავტონომიური მანქანა 20 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. „ტოიოტა“ აცხადებს, რომ ოლიმპიელთა მომსახურებისას, შატლებზე უსაფრთხოების ოპერატორები მაინც იმუშავებენ. იაპონური კომპანიის ინფორმაციით, ერთი სრული დამუხტვით, „e-პალეტის“ სვლის სიშორე 150 კილომეტრია.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე, „ტოიოტას“ ავტონომიური შატლები ტოკიოს მოტორ შოუზე (თვის ბოლოს გაიმართება) იმუშავებენ.