„ვიდრე არ გადავალთ ნორმალურ სივრცეში, სადაც ინსტიტუციები სახელმწიფოზე იქნებიან ორიენტირებული და არა ერთ პიროვნებაზე, უკან და უკან ვივლით"

ვიდრე არ გადავალთ იმ ნორმალურ სივრცეში, სადაც ინსტიტუციები იქნებიან სახელმწიფოზე ორიენტირებული და არა ერთ პიროვნებაზე, ჩვენ ვივლით სულ უკან და უკან, - ამის შესახებ მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის 12 წევრის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მან უპასუხა დასმულ კითხვას, თუ რას უკავშირებს, რომ World Economic Forum (WEF)-ის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს რეიტინგში, რომელიც ქვეყნების კონკურენტუნარიანობას გვიჩვენებს, საქართველო 8 ადგილით ჩამოქვეითდა.

„ეს არის ყველაფრის შედეგი, ეს არის ერთპიროვნული მმართველობა ჩვენს ქვეყანაში, ინსტიტუციების არარსებობა, ძალიან ცუდი საინვესტიციო გარემო (და ეს ეტყობა ციფრებს, 54%-ით არის დავარდნილი საინვესტიციო შემონადენები და ინვესტიციები), ეს არის ხედვის არარსებობა, თუ რანაირი ტიპის ქვეყანას ვაშენებთ, მენეჯმენტის არარსებობა და აბსოლუტურად ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული ქვეყნის. სანამ ეს არ მოიშლება, სანამ ჩვენ არ გადავალთ იმ ნორმალურ სივრცეში, სადაც ინსტიტუციები იქნებიან სახელმწიფოზე ორიენტირებული და არა ერთ პიროვნებაზე, ჩვენ ვივლით სულ უკან და უკან. ეს ტენდენცია მიდის. მე წინა პრეზენტაციაზე ვთქვი, თუ რა მდგომარეობაა, რამხელა ვალები აიღო ქვეყანამ და როგორ ვაპირებთ ამის გასტუმრებას. საერთო წარმოდგენა არ არის, მთლიანი შიდა პროდუქტი არ იზრდება და ვალების რაოდენობა ქვეყანაში ბოლო 7 წელიწადში გაიზარდა 2.5-ჯერ - 9 მილიარდიდან 22 მილიარდამდე. როცა ვალია აღებული და არაფერი ვითარდება, ეს ნიშნავს, რომ ფული იყრება „შავ ხვრელში“, ამ მდგომარეობაში ვართ ჩვენ", - აღნიშნა ხაზარაძემ.