"ჩვენთვის ბაღებში კვება პრინციპულად მნიშვნელოვანია - არავის დავიცავთ, არავის დავინდობთ!"

თბილისის ბაგა ბაღებში კვების ხარისხი გამორიცხულია სტანდარტს არ შეესაბამებოდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კითხვაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით, ბაღებში კვების რაციონი სტანდარტს არ შეესაბამება, კალაძემ უპასუხა, რომ ეს გამორიცხულია. როგორც კალაძე აცხადებს, მერია არავის დაიცავს და არავის დაინდობს, თუ დარღვევა გამოვლინდება.

„გამორიცხულია სწორი იყოს ეს ინფორმაცია. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ მონიტორინგს. თუ ისეთი შემთხვევა დაფიქსირდება, როგორც გასულ წელს იყო პრობლემები, მაშინვე ჩვენი მხრიდან იქნება რეაგირება, რომ პრობლემები თავიდანვე იყოს მოხსნილი. არავის არ დავიცავთ, არავის არ დავინდობთ! ჩვენთვის ბავშვების კვება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა იმ სტანდარტს და გვექნება ის მიდგომები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ კვების სტანდარტის დოკუმენტში ხორცთან დაკავშირებით ზოგადი ჩანაწერია და აღარ არის მითითებული, რომ ბაგა-ბაღები კონკრეტულად ძროხის ხორცით უნდა მარაგდებოდნენ, ამაზე კალაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს.

„ამაზე ინფორმაცია არ მაქვს და ვერ გეტყვით, დეტალურად საკითხზე საუბარი გამიჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.