2020 წლისთვის, ბათუმში ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის ბათუმში გადაღებული ფოტოების გამოფენა და ბათუმზე დაწერილი ნოველის „ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ ქართულად თარგმნა იგეგმება.
ამის შესახებ, დღეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ცნობილი მწერლის შვილ ჯონ სიმენონთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრისას, სიმენონის ბათუმში ვიზიტის შედეგები შეაჯამა და ბელგიელი მწერლის ბათუმში მოგზაურობის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებები დაგეგმა. მათ შორის საუბარია ბათუმში ჟორჟ სიმენონის ტურისტული მარშრუტის შექმნაზე, მწერლის მიერ საუკუნის წინ ბათუმში გადაღებული უცნობი ფოტოების გადმოცემასა და ფოტოგამოფენის მოწყობაზე, მის მიერ ბათუმში დაწერილი სტატიებისა და ნოველის ქართულად თარგმნასა და გამოქვეყნებაზე, ასევე მუზეუმში ჟორჟ სიმენონის კუთხის შექმნასა და კონფერენციის ჩატარებაზე.
ბელგიელი მწერლის შვილი ჯონ სიმენონი, რომელიც ამჟამად მამის, ჟორჟ სიმენონის ფონდის ხელმძღვანელია ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფება. ერთკვირიანი ვიზიტისას ჯონ სიმენონმა ბათუმში ის ადგილები მოინახულა, რომელიც ბათუმზე დაწერილ ნოველაშია აღწერილი. ის ასევე, გაეცნო იმ საარქვიო მასალებს, სტატიებს, რომელიც ჟორჟ სიმენონის ბათუმში მოგზაურობას ასახავს.
ცნობილი მწერლის ბათუმთან დაკავშირებული თემების პოპულარიზაციის მიზნით მთავრობის სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებთან განხილულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე მუშაობა მიმდინარე წელს დაიწყება. სამუშაო ჯგუფში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის ბულვარის, ბათუმის მერიის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის მუზეუმების გაერთიანების მენეჯმენტია გაერთიანებული.
რაც შეეხება, თავად ცნობილ ბელგიელ მწერალ ჟორჟ სიმენონს, ის ბათუმში 1933 წელს, შავი ზღვის გარშემო საკრუიზო მოგზაურობის დროს გაჩერებულა, სწორედ ამის შემდეგ გამხდარა ბათუმი მისი ერთ-ერთი ადრეული ნოველის ,,ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ მოქმედების ადგილი. ჟორჟ სიმენონი ჯამში 200-მდე რომანისა და ნოველის ავტორი გახლავთ, რომლის შემოქმედებაც 550 მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდა და 47 ენაზეა თარგმნილი.