დარწმუნებული ვარ, ჩემი უწყება უკანონოს არაფერს გააკეთებს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, წყნეთში მიმდინარე ერთ-ერთ მშენებლობასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტი თბილისის მერისგან დაინტერესდა, იცნობს თუ არა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახლის მშენებლობის საკითხს, რომელიც როგორც დავით ნარმანიას მერობის, ასევე კახა კალაძის მმართველობის პირობებში დაჯარიმდა, თუმცა მშენებლობა მაინც გაგრძელდა.
როგორც კალაძემ განაცხადა, კონკრეტულ საკითხს არ იცნობს, თუმცა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
„ზეპირად ხომ არ მეცოდინება თბილისში რამდენი სახლი და კორპუსი შენდება? კონკრეტულად ამ საკითხზე საქმის კურსში არ ვარ. არ ვიცი, რა მშენებლობა მიმდინარეობს. გავიგებ, მოვიკითხავ. დარწმუნებული ვარ, ჩემი უწყება უკანონოს არაფერს გააკეთებს. მე არ ვარ დარწმუნებული, რასაც მეუბნებით, შეიძლება თქვენ ცრუობთ. ჩემი უწყების გადაწყვეტილებებში ყოველთვის ვარ დარწმუნებული და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. თუ ეს მართალი იქნება, კანონით გათვალისწინებულ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებ“, - განაცხადა კალაძემ.