კომისიამ, თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების პროცესი დაასრულა

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების პროცესი დაასრულა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. კომისიის შემადგენლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები შედიან.

მათივე ინფორმაცით, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინა, 686 დევნილ ოჯახს გადაეცემა. აქედან, 215 ერთოთახიანია, 143 ოროთახიანი, 305 სამოთახიანი, 23 კი ოთხოთახიანი.

მათივე ცნობით, კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, ნგრევადი და სახელმწიფო მნიშვნელობის 24 ობიექტი დაიხურება და იქ მცხოვრებ 256 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა. ასევე, დევნილი ოჯახები, ბინებს, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირებების საფუძველზეც მიიღებენ.

„დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ, სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, ჯამში, მონიტორინგის ჯგუფების მიერ გადამოწმებული 1375 განაცხადი განიხილა. არსებული 959 ბინიდან, 273 ბინის განაწილება გადავადდა, რადგან განაცხადებში მითითებული გარკვეული ინფორმაცია არ დადასტურდა და საჭიროებს დამატებით გადამოწმებას.

დარჩენილ ბინებზე დამატებითი განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყება და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით, არსებულ იუსტიციის სახლებში შეეძლებათ. ბინები წლის ბოლოს განაწილდება.

დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლებისთვის გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება. 2020 წლის ბიუჯეტში, ამ მიმართულებით, 67 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თბილისის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობს ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.