გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმამ შესაძლოა, ხუთნიშნა ციფრს მიაღწიოს

პრემიერ-მინისტრის დავალებით, დაახლოებით ორი თვის წინ გარემოს დაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, მოემზადებინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც დაარეგულირებდა ზოგადად, ნარჩენების მართვის საკითხებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ განუცხადა. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ დღეს არ არსებობს სამართლებრივი რეგულაციები, ძალიან სუსტი სანქციებია გარემოს დაბიძურების მიმართულებით.

მისივე თქმით, არსებობს ასევე აღსრულების პრობლემა და შესაბამისად, ეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ არის მომზადებული, მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც დაარეგულირებს ნარჩენების მართვას, დაწყებული ნაგავსაყრელების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობიდან, დამთავრებული სახლიდან თუ ფეხით მოსიარულეთაგან გარემოს დაბინძურების საკითხებს.

"რაც შეეხება სანქციების ოდენობას, პროექტის მიხედვით, ეს არის დაწყებული 20 ლარიდან დამთავრებული ხუთნიშნა ციფრამდე, თუმცა ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ პროექტი, რომელიც ბუნებრივია, შეიძლება შეიცვალოს როგორც საქართველოს მთავრობაში პროექტის წარდგენის შემდეგ, ასევე პარლამენტში განხილვის შემდეგ", - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ.