„სარეიტინგო სააგენტო Standard & Poors-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება პარლამენტის, მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივი რეფორმების და მუშაობის შედეგია“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, გავლენიანი სააგენტოს მიერ, ქვეყნისთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კოვზანაძის თქმით, „რეიტინგების გაუმჯობესება ხდება მაშინ, როდესაც რეგიონი განიცდის კრიზისს და დღეს არცერთ ჩვენს მეზობელს არ აქვს კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით უკეთესი რეიტინგი".
„სააგენტოს მიერ დადებითადაა შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ზრდა, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით მაღალია. სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2019-2022 წლებში ამ ქვეყნებთან შედარებით კვლავ მაღალი იქნება. გარდა ამისა, ხაზგასმულია მთავრობის რეფორმები და ინიციატივები, განსაკუთრებით ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე ისეთი ინიციატივები, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება, დეპოზიტების დაზღვევა და მიწის რეფორმა"-აცხადებს კოვზანაძე.
რაც შეეხება 2018 წელს მთლიანი ინვესტიციების მოცულობას, მშპ-ს 33 პროცენტს და მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშპ 5,7 პროცენტს, როგორც კოვზანაძე აღნიშნავს, არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩვენი სარეიტინგო ჯგუფის ქვეყნებს შორის და საშუალოვადიან პერიოდში სააგენტო ამ კუთხით საქართველოს ლიდერობას უწინასწარმეტყველებს.
მისივე თქმით, რეიტინგის გაუმჯობესება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.
შეგახსენებთ, რომ სარეიტინგო კომპანია „S&P“-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა.
აღნიშნულ ინფორმაციას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატი ავრცელებს.