ყველას მოვუწოდებთ, დღევანდელი დღე ჩვენთან, ქართული ღვინის ფესტივალზე გაატარონ, - ამის შესახებ „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“-ის ორგანიზატორმა, ანანო თავხელიძემ შარდენზე, ფესტივალის ფარგლებში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ანანო თავხელიძემ აღნიშნა, „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ მესამედ ტარდება და წელს ყველაზე მასშტაბური სახე მიიღო, რადგან ამ ფესტივალის გამო უკვე უცხოეთიდან ჩამოდიან სპეციალურად.
„მთელი წლის განმავლობაში გვწერენ ჩვენს ვებ-გვერდსა და ფეისბუქ-გვერდზე და აზუსტებენ, თუ როდის უნდა ჩამოვიდნენ, რომ სწორედ ამ ფესტივალს დაამთხვიონ მათი ვიზიტი. ამ ფესტივალის გამო გეგმავენ ტურებს, ამიტომ ვთვლით, რომ წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება. თითქმის ყველა დიდი კომპანია, უამრავი მცირე მარანი და ასევე ღვინოსთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიაა წარმოდგენილი. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, 12 ოქტომბერი გაატარონ ჩვენთან, სიონის ქუჩაზე", - აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა.
ანანო თავხელიძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ფესტივალი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.
„სწორედ ეს ფესტივალია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ამ ადგილზე მთელი დღის განმავლობაში თავს იყრის უამრავი უცხოელი და სწორედ ისინი არიან ასე ვთქვათ, ჩვენი ღვინის ელჩები საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამიტომ, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა დღეს. ასევე, შარშანდელთან შედარებით წელს მცირე მარნების რაოდენობა გაორმაგებულია, რადგან მათი პოპულარობა ძალიან გაიზარდა წინა ფესტივალის შემდეგ“, - განაცხადა ანანო თავხელიძემ.
ფესტივალის შესახებ კომენტარი გააკეთა „მეიდან ჯგუფის“ მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელმა, თეა ჩაგუნავამაც.
„წელს „მეიდან ჯგუფი" უკვე მესამედ მასპინძლობს ქართული ღვინის ფესტივალს. გელოდებით ყველას, მობრძანდით ჩვენთან და დააგემოვნეთ ქართული ღვინო", - განაცხადა ჩაგუნავამ.
შარდენზე წლის მთავარი ღვინის ფესტივალი - „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ მიმდინარეობს. მათთვის, ვისაც ქართული ღვინის უკეთ გაცნობა სურს, „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ -ზე დასწრება 12:00-დან 19:00 საათამდე შეუძლიათ.
ფესტივალი „პალიტრა მედიას“, მედიაპორტალი allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ქართული ღვინის, ყველის, ჩირის, ასევე ქართული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა.