მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა.
„ლელოს“ ახალ წევრებს შორის არის ერთი ბიზნესმენი ანდრო ბიბილეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 48 კაციან საზოგადოებრივ მოძრაობაში ბიბილეიშვილი მესამე ბიზნმესმენია. მანამდე ხაზარაძემ მოძრაობის წევრად ბიზნეს სექტორის კიდევ ორი წარმომადგენელი გიორგი მორდეხაშვილი და დავით ბეგიაშვილი წარადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ბიბილეიშვილი. როგორც გაირკვა, მისი საქმიანობის სფეროს ცემენტის წარმოება, მისი საბითუმო და საცალო რეალიზაცია წარმოადგენს.
კერძოდ, ანდრო ბიბილეიშვილი სს „კავკაზ ცემენტის“ დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. თავის მხრივ, „კავკაზ ცემენტი“ არის „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ 100%-იანი წილის მფლობელი. ამასთან, რეესტრის თანახმად, სს „კავკაზ ცემენტი“ ფლობს 100%-იან წილს შპს „სურამის ქვიშასა“ და 61.8%-იან წილს შპს „თბილცემენტში“, თუმცა, როგორც კომპანიის 2017 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, აღნიშნული ორი კომპანია აღარ ფუნქციონირებენ.
ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, 2017 წლის ბოლოს სს “კავკაზ ცემენტის“ საკუთრებაში 32,669 მლნ ლარის აქტივები იყო. კომპანიის შემოსავლები რეალიზაციიდან - 33,813 მლნ, ხოლო თვითღირებულების ხარჯი - (24,259) მლნ; საერთო მოგება - 9,554 მლნ; წმინდა მოგება კი - 2,353 მლნ ლარი იყო.
რაც შეეხება კომპანიის მფლობელებს, რეესტრის 2018 წლის 24 ოქტომბრის ამონაწერით, „კავკაზ ცემენტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა - პოლ როდზიანკო (აშშ), მისი მოადგილე/წევრი - იან ქრისტოფერ ჰეიგი (აშშ) და კიდევ ერთი წევრი ანდრო ბიბილეიშვილია. კომპანიის 2017 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში კი ვკითხულობთ, რომ „კავკაზ ცემენტის“ 87.07%-ს შპს "ანოდაინ ჰოლდინგს ელ.ელ.სი"; 6.66%-ს სს "კავკაზ ცემენტი; 3.34%-ს ხუნწარია ირაკლი; 0.49%-ს - ტაბატაძე ნიკა; 1.56%-ს - პოლ როდზიენკო; 0.49%-ს ტაბატაძე სოფიო; 0.39%-ს - ბიბილეიშვილი ანდრო და 0.0015%-ს - დენის კარლ პრაიზი ფლობენ.