აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილება მიანიჭა, რომლის მიხედვითაც უწყება თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწეებას შეძლებს. ამის შესახებ ამერიკის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთის ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელზე შეზღუდვების დაწესება აშშ-ის პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან კონსულტაციის შედეგად მოხდება.
როგორც მნუჩინმა აღნიშნა, ამერიკას ამ ბრძანების საფუძველზე თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციები ჯერ არ დაუწესებია. მისი თქმით, სანქციები შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული და უდიდეს დარტყმას მიაყენებს თურქეთის ეკონომიკას.
„იმედია, ჩვენ არ მოგვიწევს მისი ამოქმედება“ - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყურადღებით აკვირდება თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიაში და მზად არის „ძლიერად დაარტყას“ თურქეთის ეკონომიკას, თუკი ის „არ ითამაშებს წესების მიხედვით“.