Renault-ის ფრანგული ქარხნები წარმოებას ამცირებენ

ფრანგული გამცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, ფრანგული საავტომობილო კომპანია Renault იძულებულია, მნიშვნელოვნად შეამციროს ავტომობილების წარმოება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ ქარხნებში.

მსოფლიო ბაზარზე ახალი ავტომობილების გაყიდვების შემცირებმა, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა Renault-ის 12 ფრანგულ საწარმოს. გამოცემის ცნობით, კომპანიამ მიმდინარე წლის 9 თვეში 700 მილიონი ევროს შემოსავალი ვერ მიიღო, რამაც Renault-ის ხელმძღვანელობა აიძულა, რომ წარმოების მიმართულებით საკუთარი გეგმებისთვის გადაეხედა.

გაზეთს კომპანიის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრის სიტყვები ანონიმურად მოჰყავს და წერს, რომ Renault-ის ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე ბიუჯეტურ შეზღუდვებს განიხილავს, რომელსაც უნდა მოჰყვეს ქარხნებში ავტომობილების წარმოების შემცირება. აღნიშნული ვითარება ნეგატიურ გავლენას შუამავლ კომპანიებზეც მოახდენს, რომლებიც უშუალოდ გაყიდვებით იყვნენ დაკავებულები.

Le Parisien-ის ცნობით, Renault-ის ირგვლივ არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება საფრანგეთის ხელისუფლებაც, ვინაიდან ამ დარგში დღეისთვის 400 ათასი ქვეყნის მოქალაქეა დასაქმებული და მდგომარეობის გაუარესებამ შესაძლოა, სერიოზული გავლენა იქონიოს საფრანგეთზე. ხელისუფლებაში აღიარებენ, რომ გლობალური გაყიდვების შემცირება ფრანგულ კომპანიებზე ცუდად იმოქმედებს, თუმცა აცახდებენ, რომ ქარხნების სრულად დახურვამდე საქმე არ მივა და ამას არ დაუშვებენ.

კოკა კვირკველია