აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთმა აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო საკითხებში მიღწეული პირობების შესრულება და ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვა უკვე დაიწყო. ეს კი ერთ-ერთი პირობა იყო შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც, ორმა ქვეყანამ პრინციპულ საკითხებში შეძლო შეთანხმება.
აღნიშნულის შესახებ, დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, შეთანხმების ასევე ერთ-ერთი პირობა იყო, რომ მხარეები არ დალოდებოდნენ სამ-ოთხ კვირას შეთანხმების საბოლოო ხელმოწერას და შესყიდვები მალევე განეხორციელებინათ.
„ჩვენ დავასრულებთ მასშტაბურ პირველ ნაწილს და მალევე გადავალთ მეორე ნაწილზე. პირველი ნაწილის საბოლოო შეთანხმება და ხელმოწერა შესაძლოა, ძალიან მალე მოხდეს“, - დასძინა მან.
როგორც ცნობილია, აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო საკითხებში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ვაშინგტონში გაიმართა. ამჯერად, მხარეებმა მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს.