„საქსტატი“  აზარტულ თამაშებში დადებულ ფსონებსა და მოგებულ თანხას დაითვლის

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უნდა გააუმჯობესოს იმ ტრანზაქციების აღრიცხვა, რომლებიც სათამაშო ბიზნესთან არის დაკავშირებული.

ამის შესახებ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის გაწეული „ტექნიკური დახმარების“ ანგარიშშია ნათქვამი.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში სათამაშო ბიზნესმა მზარდი ტენდენცია აჩვენა, ამასთან, გაიზარდა არარეზიდენტების აქტივობის წილი.

”ტექნიკური დახმარების“ მისია „საქსტატს“ 2019 წლის 6-10 მაისს სტუმრობდა. მათ მონაცემთა შეგროვების მიმართულებით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პროგრესი შეაფასეს და მონაცემების შეგროვების გაუმჯობესების მიზნით, საჭირო რეკომენდაციებიც გასცეს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტთანაც ჰქონდა შეხვედრა, სადაც გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც „საქსტატი“ მოამზადებს სპეციალურ კითხვებს, არარეზიდენტი პირების მიერ დადებული ფსონებისა და მათ მიერ მოგებული თანხის რაოდენობის შესაფასებლად. ამასთან, მსგავსი ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, რამდენიმე უმსხვილესი კაზინოს ადმინისტრაციასთან შედგა მოლაპარაკება.

სალომე აბულაშვილი