ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ევროპის მოედანზე გამართულ ტრადიციულ ფესტივალს წელსაც უამრავი ადგილობრივი და ტურისტი ესწრება.
„აჭარული სოფლებისთვის დამახასიათებელი დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანსა და მემედ აბაშიძეს ქუჩაზე აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორითაა წარმოდგენილი. გასული წლისგან განსხვავებით წელს, გაზრდილია ფესტივალის მონაწილეების რაოდენობაც და ისინი გარდა აჭარისა, საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც არიან წარმოდგენილები.
დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჭაჭის გამოხდის, თამბაქოს დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილ კუთხეში პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები მიმდინარეობს. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე დღეს ქორეოგრაფიული ანსამბლები „ბერმუხა“ „კოლხა“, და „არსიანი, ასევე ვოკალური ანსამბლები „ჭვანა“ და „ათძალი“ იზრუნებენ. საღამოს მუსიკალურ პროგრამას კი ბენდი Seaside დაასრულებს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა. ფესტივალი 13 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება.