რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმას 3 წლის თავზე

რეგისტრაციის რეფორმის 3 წლის თავზე ბოლო წლების განმავლობაში მიწაზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები საზოგადოებაში აქტიურად განხილვადი თემაა. საქართველოს მთავრობას მიწის უცხოელებზე გასხვისების თაობაზე დიდი ხნის განმავლობაში მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული. მზადდება კანონპროექტი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, მათ შორის უცხოელებზე გასხვისებას დაარეგულირებს.

მეორე ფაქტორი, რაც მიწის ეკონომიკურ აქტივობაში ჩართულებას ართულებს, მისი რეგისტრაციის საკითხია. მოქალაქეები წლების განმავლობაში ფლობენ გარკვეული ფართობის მიწებს, თუმცა ოფიციალურად მათი მესაკუთრეები არ არიან. საამისოდ, მთავრობამ მიწის რეგისტრაციის რეფორმა შეიმუშავა, რომელიც 2016 წლის პირველი აგვისტოდან დაიწყო. მისი დასრულების თავდაპირველ თარიღად 2019 წლის პირველი ივლისი დასახელდა, თუმცა, შემდეგ 2020 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივდა.

რაც შეეხება უშუალოდ რეფორმას, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას შესაბამისი განაცხადის და აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასოა შემდეგი სერვისები: საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; მიწის ნაკვეთზე უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია; დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება, სანოტარო მედიაცია.

რეგისტრაციის პროცესი, იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ რეალობაში მიწების, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური უმრავლესობა იურიდიულ საკუთრებაში არ არის დარეგისტრირებული, რასაც თავისი პრეისტორია და მიზეზები აქვს, რთული და საკმაოდ შრომატევადია. შესაბამისად, მოითხოვს როგორც მოქალაქეების, ასევე მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან აქტიურ მუშაობას. თუმცა, პროცესი საკმაოდ გაიწელა დროში, რის გამოც, მიწის ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვას ართულებს. მოქალაქეები ვერ ახერხებენ მის ათვისებას და მისგან ფინანსური დივიდენდების მიღებას.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც განაცხადა და პრობლემის აღმოსაფხვრელად ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი რესურსების მოძიებაც დაავალა.

„რეგიონებში ხალხთან შეხვედრების, საუბრის და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს უნდა დავავალოთ, მოიძიოს დამატებით რესურსი, რომ დავიწყოთ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ. არ არის კატასტროფულად დიდი თანხები, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მოეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, თავი რომ დავანებოთ მოქალაქეების ინტერესებს. იქედან გამომდინარე, რომ შესაძლებელი გახდება მეტი მიწა ჩაერთოს ეკონომიკურ აქტივობაში. ბატონო ვანო, მიიღეთ ეს დავალებად, რომ როგორმე 4-წლიანი პროგრამის დაფინანსება დავიწყოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მართალია, მიწის გასხვისების თემა სფეციკური საკითხია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები შესაბამისი კანონმდებლობის მიღების შედეგად ცდილობენ გამორიცხონ თანმდევი სპეკულაციური პროცესები, თუმცა, ყველა თანხმდება იმის თაობაზე, რომ მიწა უნდა ჩაერთოს ეკონომიკურ აქტივობაში, იქნას დამუშავებული. ამის მიღწევას გაჭიანურებული რეგისტრაციის პროცესი კიდევ უფრო მეტად ართულებს, რადგან მოქალაქეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა ააშენონ მასზე ობიექტები.

ასევე, მისი საშუალებით მიიღონ კრედიტი, რითაც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქციას დაამზადებენ სარეალიზაციოდ, ან უბრალოდ მიჰყიდან ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი აქტივობის სურვილი აქვთ. უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმის შედეგად, დღევანდელი მონაცემებით 726 932 წარმატებულად დასრულებული სარეგისტრაციო განაცხადია. ეს მაჩვენებელი, მართალია, ცოტა არ არის, თუმცა არასაკმარისია, რისი თვალსაჩინო მაგალითი, თუნდაც პრემიერის ზემოაღნიშნული განცხადებაცაა. ისიც უნდა ითქვა, რომ მხოლოდ რეგისტრაცია ვერ უზრუნველყოფს სერიოზული ძვრების დაწყებას მიწის ეკონომიკურ აქტივობაში უფრო აქტიურად ჩართვას, თუმცა, ეს პირველი და საწყისი ეტაპია, რაც აუცილებლად საჭიროებს მოგვარებას შემდგომი პროცესების განსავითარებლად.

ყველაზე მეტი, 38 715 მიწის სარეგისტრაციო განაცხადის დაკმაყოფილებით საჩხერე ლიდერობს. მეორე ადგილზე ზესტაფონია 36 300 განაცხადით, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილებზე ჭიათურა და გორია, შესაბამისად 33 567 და 32 863 განაცხადის დაკმაყოფილებით.

სანდრო პირველი

"ბანკები და ფინანსები"