კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინებს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებას.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, დავით ჯავახაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა ხვალ ეწურება და ამის შესაბამისად გადაწყდება კონსორციუმს ვადა გაუხანგრლივდება თუ ხელშეკრულება შეწყდება, ახვლედიანი აცხადებს, რომ ეს კომენტარი მისთვის გაუგებარია.
„ჩვენ მთავრობასთან კონკრეტული წინადადება გვაქვს წარდგენილი, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას. ეს ითვალისწინებს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ჩვენ ამ ეტაპზე მთავრობისგან ველოდებით რეაგირებას და ვთვლით, რომ მათ მხარეს არის ბურთი. დარწმუნებული ვარ, ბატონი ჯავახაძეც საქმის კურსშია ამასთან დაკავშირებით და ველოდებით მთავრობისგან რეაგირებას. ჩვენგან აბსოლუტური მზაობაა, რომ ყველა საკითხი, ინვესტორებთან მიმართებაში თუ სხვა, მოგვარდეს უახლოეს პერიოდში, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს,“ - განაცხადა ლევან ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, დავით ჯავახაძის განმარტებით, ხვალ, 15 ოქტომბერს, სამუშაო დღის ბოლომდე აქვს კონსორციუმს ვალდებულების შესრულების ვადა, რომ წამოადგინოს სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მის მიერ კაპიტალის სრულად შევსებას ადასტურებს, ასევე უნდა წარმოადგინოს წინასწარი არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც სასესხო დაფინანსების მოპოვებას შეეხება ინვესტორი ბანკების მხრიდან. ამის შემდეგ უკვე შედეგების გათვალისწინებით უნდა შეიკრიბოს კომისია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.