ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია აბხიჯიტ ბანერჯჰის, მაკლ კრემერსა და ესტერ დუფლოს გადაეცათ

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინა - ჯილდო ამერიკელ ეკონომისტებს აბხიჯიტ ბანერჯჰისა და მაკლ კრემერს, ასევე წარმოშობით ფრანგ ესტერ დუფლოს გადაეცათ. დუფლო ყველაზე ახალგაზრდაა და ამასთან, მეორე ქალია, ვისაც ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიუღია.

ეკონომისტებმა აღნიშნული ჯილდო სიღარიბესთან ბრძოლის ექსპერიმენტული მიდგომის გამო დაიმსახურეს.

„მიმდინარე წლის ლაურეატებმა ახალი მიდგომა წარმოადგინეს სანდო პასუხების მისაღებად კითხვაზე, თუ რომელია ყველაზე ეფექტური გზები მსოფლიოში სიღარიბესთან საბრძოლველად“ - ნათქვამია შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის განცხადებაში.

ეკონომიკის დარგში ნობელის კომიტეტის თავმჯდომარის პიტერ ფრედრიკსონის განმარტებით, ექსპერიმენტალურმა მიდგომამ შეცვალა განვითარების ეკონომიკა, მკვეთრი გავლენა მოახდინა პოლიტიკაზე და გლობალურ სიღარიბესთან ბრძოლის მეთოდები გააუმჯობესა.

დუფლოს განმარტებით, მათი კვლევა მიზნად ისახავდა დარწმუნებულიყვნენ, რომ სიღარიბესთან ბრძოლა მეცნიერულ მტკიცებულებებს ეყრდნობა.

2019 წლის ნობელის კვირეულის პირველ ხუთ დღეში ჯილდო გადაეცათ მეცნიერებისა და კულტურის დარგში მოღვაწე ამერიკის, იაპონიის, ბრიტანეთის, ეთიოპიისა და ავსტრიის წარმომადგენლებს.

ცნობისთვის, ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში 1969 წლიდან არსებობს. ერთი წლით ადრე შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა ალფრედ ნობელის ფონდში შეიტანა თანხა, რომელიც პრემიის დასაფინანსებლად არის აუცილებელი, ამიტომ მისი სრული დასახელებაა - „ალფრედ ნობელის სახელობის რიკსბანკის პრემია ეკონომიკის დარგში“.

აღსანიშნავია, რომ გამოჩენილი ეკონომისტებისთვის პრემიის გადაცემა ალფრედ ნობელის ანდერძში არ შედიოდა, თუმცა, ის იმავე წესების დაცვით გაიცემა, როგორც ზუსტი მეცნიერებებისა და ლიტერატურის შემთხვევაში. სტოკჰოლმში მოქმედებს ნობელის კომიტეტი ეკონომიკის დარგში. თუმცა, სხვა დარგებისგან განსხვავებით იმ ადამიანების წრე, ვისაც ეკონომიკის დარგში კანდიდატების წარდგენის უფლება აქვს, საკმაოდ ვიწროა.

მოამზადა სალომე აბულაშვილმა