მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება.

როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ, „აქსელი“ ისეთივე ტაქსის გამოძახების სერვისი იქნება, როგორიც მაგალითად, ტაქსი „მაქსიმი“, My Taxi, „თბილისი ტაქსი“, „იანდექსი“ და სხვა, რომლებიც საქართველოში გამოძახებით მუშაობენ.

ტაქსების ფედერაციის პრეზიდენტის ზურაბ აგლაძის თქმით, "აქსელის" შექმნის მიზანი ტაქსის მძღოლებისთვის, უფრო მოქნილი და ფინანსურად მომგებიანი სამუშაო პირობების შექმნაა და ფიქრობს, რომ აღნიშნული სერვისით განსაკუთრებით B კატეგორიის ტაქსის მძღოლები დაინტერესდებიან.

„B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს სჭირდებათ უფრო მოქნილი აპლიკაცია, ვიდრე დღეს აქვთ და მითუმეტეს ქართული, რადგან ვფიქრობთ, რომ ქართველები უპირატესობას ტაქსის ქართულ პლატფორმას მიანიჭებენ. ამასთან, "აქსელი“ ტექნოლოგიურად უფრო დახვეწილი იქნება, ვიდრე სხვა აპლიკაციები. გარდა ამისა, სატარიფო პოლიტიკაც უფრო მოქნილი და საქართველოს სოციალურ პირობებზე ორიენტირებული გვექნება“, - განაცხადა აგლაძემ.

ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმის "აქსელის" დაფუძნებას ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი რიჩარდ ყურაშვილი აპირებს. მისი თქმით, "აქსელი" ნულოვანი მოგების მიზნით ფუძნდება და პირველ ჯერზე კომპანია 1000-მდე მძღოლს დაასაქმებს.

„ნებისმიერ ტაქსის კომპანიას თავის საქმიანობაში ჩადებული აქვს მოგების რაღაც ინტერესი, ჩვენ შემთხვევაში კი მოგების ინტერესი ნულოვანია. ამასთან, იმ მგზავრების მონაცემი, რომელსაც ჩვენი ტაქსი გადაიყვანს, იქნება მაქსიმალურად დაცული. 22 წელია ნიუ - ორკში იგივე სფეროში ვმუშაობ. საკმაოდ ნორმალურად ვარ და საქართველოზე ფულის შოვნას არ ვაპირებ, ჩემი მიზანია ჩამოვიდე და ხალხს დავეხმარო. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, მათ შეუძლიათ საკუთარი ავტომობილებით ჩაერთონ „აქსელში" და მიიღონ უფრო კარგი პირობები“, - განაცხადა ყურაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მიაჩნია, რომ ბაზარზე ისეთი კომპანიის შემოსვლა, რომელიც მოგების გარეშე აპირებს მუშაობას, ეჭვს აჩენს, რომ უკვე არსებული სხვა კომპანიების ჩაძირვაზეა ორიენტირებული, რაც ცუდია და ბაზარზე მონოპოლიას გამოიწვევს.

„რთულად დასაჯერებელია, რომ კომპანია შემოდის გარკვეულ ინვესტიციას ახორციელებს ქვეყანაში და თან ამბობს, რომ მოგების ინტერესი არ გააჩნია. თუ თვითონ არ იღებს მოგებას, ეს ნიშნავს, რომ სხვა კომპანიების გაკოტრებას ემსახურება და ამ გზით შეუძლია მონოპოლისტი გახდეს B კატეგორიის ტაქსებში. მითუმეტეს, მსგავსი გამოცდილება უკვე გვაქვს. კერძოდ, როდესაც „იანდექს ტაქსი“ ძალიან დაბალი ფასებით შემოვიდა საქართველოში, ამან ბაზარზე პრობლემა შექმნა. დაახლოებით, „აქსელის“ პოლიტიკაც იანდექსის გეგმას ჰგავს, რაც ნიშნავს, რომ ტაქსების ბაზარზე სრული ქაოსია და კაციშვილი მომკითხავი არ არის.

ეჭვი მიჩნდება, რომ „აქსელის“ შემოსვლა საქართველოში იქნება დარტყმა აქ მოქმედი უკვე არსებული კომპანიებისთვის და ისედაც მთლიანად დანგრეულ და მოშლილ სატაქსო ბიზნესს კიდევ ერთ სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. ამ გაუგებრობას კი თბილისის მერიაც უწყობს ხელს გაურკვეველი რეგულაციებით და თუ ასე გაგრძელდა საბოლოოდ, მხოლოდ რამდენიმე გამსხვილებულ ტაქსის კომპანიას მივიღებთ ბაზარზე“, - განაცხადა „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირებში კი "აქსელის" დაფუძნებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ მისი ბაზარზე შემოსვლა კონკურენციას გაუწევს ისეთი ქვეყნის ტაქსის კომპანიას, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს.

„მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ "აქსელი" არის ქართული პროდუქტი, ქართველების მიერ შექმნილი პროგრამა, რომელმაც დიდი კონკურენცია უნდა გაუწიოს სპეცაგენტების მიერ შექმნილ „იანდექსს“. მე მაქვს ასეთი მოწოდება, რომ „არა ოკუპაციას“, „არა „იანდექსს“. „იანდექსი“ არის იმ ქვეყნის კომპანია, რომელიც არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ.

შეგახსენებთ, რომ ტაქსების რეფორმა გასულ წელს მათი ლიცენზირებითა და რეგისტრაციით დაიწყო. მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან კი რეფორმის ფარგლებში, თბილისში A და B კატეგორიის ტაქსები მოძრაობენ. როგორც ცნობილია, A კატეგორიის ტაქსები თეთრი ფერისაა და მგზავრის აყვანა ქუჩიდან და გამოძახებით შეუძლიათ. ისინი დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, გადასახადის გარეშე უფასო პარკინგითაც სარგებლობენ, რაც B კატეგორიის ტაქსებზე არ ვრცელდება. დღეის მდგომარეობით, საქართველოში დაახლოებით 16 ათასზე მეტი ლიცენზირებული ტაქსია, რომელთაგან 8 000 - A კატეგორიის, ხოლო 8 000 B კატეგორიის არის.

ალექსანდრა ისპირიანი

"რეზონანსი" - მალე ტაქსების რეფორმის მესამე და მნიშვნელოვანი ტალღა დაიწყება
"ჩვენს გეგმებში ტაქსით მგზავრობის საფასურის რეგულირება არ შედის"
"ტაქსით მგზავრობაზე ფასის ზრდა იყო პირველი დღის ეფექტი - დღეს ეს ყველაფერი უკვე დარეგულირებადია"