ქართული პროდუქცია იაპონიაში ექპორტზე გავიდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიის Eshvi Kids მიერ წარმოებული საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზე გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანიამ Eshvi Kids იაპონურ კომპანიასთან „Roherman” ბიზნესკავშირები საერთაშორისო გამოფენაზე Pitti Bimbo დაამყარა. ზემოხსენებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიაა არა მხოლოდ იაპონიის, არამედ აშშ-ს მასშტაბითაც.

„გამოფენა Pitti Bimbo 2019 წლის ივნისის თვეში, ქ. ფლორენციაში გაიმართა, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, აღნიშნულ კომპანიასთან ერთად, კიდევ სამი ქართული კომპანია, „ჟირაფი“, „ანცი“ და „სპილოუ“ იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით“, - აღნიშნულია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.