ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, მტვრის პრობლემა, რომელიც ქარის დროს ანაკლიის მცხოვრებლებს აწუხებთ, მოგვარდება.
ლევან ახვლედიანის თქმით, ახლა, ანაკლიაში სამუშაოები არ მიმდინარეობს, ხოლო მტვრის პრობლემის მოგვარებისთვის მშენებლობის დაწყება ერთ-ერთი გამოსავალია. მისივე განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ სამშენებლო სამუშაოები ვერ დაიწყო, მტვრის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, სხვა გზით მოგვარდება.
„ჩვენ ვიცით, რომ იქ არის კონკრეტული პრობლემა მტვერთან დაკავშირებით, რომელიც ქარის დროს წარმოიქმნება. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ზომების მიღება იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრათ და მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონდეს. დაახლოებით ორი თვე მოუნდება ამ პრობლემის აღმოფხვრას. ვფიქრობთ, რომ ისეთი გადაწყვეტილება გვაქვს მოფიქრებული, რომლის შემდეგ ამის პრობლემა აღარ იქნება. სამუშაოები, პრაქტიკულად , შეწყვეტილია. ანუ მიწის დაჯდომის პროცესი დაახლოებით, ივნის-ივლისში დასრულდა. ამის შემდეგ, ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვეძლო სამშენებლო სამუშაოების დაწყება.
ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ამ დაჯდომის დასრულებისთანავე დავიწყებდით მშენებლობას. ანუ მშენებლობის დაწყება ერთ-ერთი გამოსავალია იმისთვის, რომ მტვერი აღარ იყოს. ანუ ზემოდან ბეტონი იქნებოდა დასხმული და.აშ. ანუ სხვა გზით იქნებოდა ეს საკითხი გადაწყვეტილი და ახლა სხვა გზით ვწყვეტთ, იმიტომ, რომ სამშენებლო სამუშაოები ვერ დაიწყო“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.