ქართული პროდუქცია ლატვიაში საკვები მრეწველობის გამოფენაზეა წარდგენილი

ქართული პროდუქცია ბალტიისპირეთში საკვები მრეწველობის ყველაზე დიდ, ყოველწლიურ გამოფენაზეა წარმოდგენილი.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მრეწველობის ყოველწლიური გამოფენა Riga Food 2014 რიგაში მიმდინარეობს. Riga Food 2014 ბალტიისპირეთში ყველაზე დიდი გამოფენაა აღნიშნულ სფეროში და წელს ის 7 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით Riga Food 2014-ზე ქართული პროდუქციის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. გამოფენაზე სპეციალურად მოწყობილ ქართულ სტენდზე სტუმარს საშუალება აქვს იხილოს ქართული ღვინო, მინერალური წყალი, ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო სამეურნეო პროდუქცია, როგორც ნატურალური, ისე გადამუშავებული სახით.

გამოფენის პირველ დღეს ქართულ სტენდს ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრი იანის დუკლავსი ესტუმრა, რომელმაც ქართული პროდუქტები დადებითად შეაფასა.