2019 წლის 31 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან კონსულტანტები SAP Social Sabbatical-დან. სპეციალური სტუმრები „სილიკონ ველი თბილისში“ სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების პროექტზე მუშაობენ.
სტარტაპების ციფრული ინკლუზია და ციფრული მეწარმეობა ის მიმართულებებია, რომელშიც ამერიკელი და ევროპელი კონსულტანტები შეხვედრებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიურ გუნდთან მართავენ.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, „სილიკონ ველი თბილისის“ მთავარი მიზანი ქვეყანაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარება და დანერგვაა. SAP Social Sabbatical-ის კონსულტანტებთან გამართული შეხვედრების შემდეგ კი მათი შესაძლებლობები უფრო გაფართოვდება.
„SAP Social Sabbatical-ის კონსულტანტებისგან ვიღებთ არაერთ რეკომენდაციას და ერთობლივად ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე. აღნიშნულის შემუშავებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს სტუდენტების, პერსონალისა და პარტნიორი მცირე და საშუალო საწარმოების დიჯიტალიზაციას. შედეგად კი ჩვენ მნიშვნელოვან და გამორჩეულ წვლილს შევიტანთ ქვეყნის სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში,“ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.
პროექტი ამერიკული PYXERA Global-ის მხარდაჭერით ხორციელდება. PYXERA Global 1990 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მუშაობს კომპლექსური გლობალური გამოწვევების აღმოფხვრაზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში.