პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება

პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება. 27 მეგავატიანი ჰესის - „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობა ნოემბრიდან დაიწყება და მას კომპანია „ფერი" განახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ "ფერის" გენერალურმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა განუცხადა, 27 მეგავატიანი ჰესი სოფლიდან 15 კილომეტრის მოშორებით იქნება.

„სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობის ნებართვა უკვე აღებული გვაქვს და პროცესს ნოემბრიდან აუცილებლად დავიწყებთ“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რამდენად ელოდებიან ადგილობრივების პროტესტს 27 მეგავატიანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც ეს კიდევ ერთი ჰესის - „ხადორი - 3“-ის მშენებლობის დაწყებისას მოხდა, იორდანიშვილის თქმით, „კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კვლავ მოსალოდნელია დესტრუქციული ქმედებები“, თუმცა აღნიშნული ჰესი სოფლიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული და ადგილობრივებთან არანაირი შემხებლობა არ ექნება.

„ადგილობრივებს წინააღმდეგობა არც არასდროს ჰქონიათ, თუმცა ჩემმა „მეგობრებმა“ შეიძლება კიდევ რაღაც დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ. მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ, რომ თქვენ დასხივდებით, გადაგასახლებენ... არასდროს მსგავსი პრობლემები არ ყოფილა. პანკისში ორი სადგური გვაქვს აშენებული და პირიქით, ყოველთვის მეგობრულად და კეთილგანწყობით იყვნენ, ჩვენთან არიან დასაქმებულები ადგილობრივები. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ არ ჰქონიათ და არც ექნებათ რაიმე წინააღმდეგობა, მითუმეტეს, რომ მოსახლეობა რაღაც სიკეთეებს ელოდება, სოფელზე გამავალი არსებული ხაზი უნდა გადავიდეს, დასაქმდებიან, მეტი არეალი მიეცემათ საძოვრებისთვის, როდესაც გზას ავიყვანთ იმ ტერიტორიაზე. რატომ უნდა იყვნენ წინააღმდეგი, როდესაც საერთოდ მათ არც კი ვეხებით? ბოლო სახლიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული ჰიდროელექტროსადგური. ასე რომ, მათთან არანაირი გადაკვეთა არაა,“ - განაცხადა „ფერის“ დირექტორმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში, 5 მეგავატიანი ჰესის „ხადორი - 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.