გოცირიძის მეტროსადგურის გადახურვა კვლავ გადაიდო - ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა

მეტროსადგურ გოცირიძის რეკონსტრუქციის მიზნით მეორედ გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოები მათ შორის ბაქნის გადახურვასაც გულისხმობდა.

კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მეტროსადგურის რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი ახლიდან 6 სექტემბერს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 27 სექტემბერს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 425 500 ლარი იყო.

„ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს სადგურის ღია ბაქნის (პლატფორმის) გადახურვას ლითონის კვადრატული და მართკუთხა მილებისაგან შედგენილი სვეტების, შემკრავი კოჭების, დიაგონალური კავშირებისა და სხვა თანმდევი კონსტრუქციული ელემენტებით,“-აღნიშნული იყო სატენდერო დოკუმენტაციაში.

პროექტის თანახმად, გარდა გადახურვისა დაგეგმილი იყო მათ შორის - ალუმინის ფანჯრების მოწყობა, მოაჯირების მოწყობა, მეტროსადგურის ვესტიბიულში იატაკის მოწყობა ბუნებრივი გრანიტით, კედლისა და ჭერის დეკორატიული გაფორმება, ბაქანზე დასაჯდომების მონტაჟი, ლიფტის მოწყობა შშმ პირებისათვის და ა.შ.

თუმცა, როგორც სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ტენდერში მონაწილეობა მიიღო უცხოური საწარმოს ფილიალმა „ფერლით-ჯორჯიამ“, რომელსაც ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით 1-ლი ტენდერი 21 მაისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მაშინ 2 045 650 ლარი იყო. თუმცა, მაშინ ტენდერი არ შედგა.

თაია არდოტელი
რისი გაკეთება იგეგმება და ვინ განახორციელებს 13 მლნ-იან პროექტს თბილისში (+ფოტო)
ვინ მოამარაგებს თბილისის საბავშვო ბაღებს საკვებით
თბილისის მარჯვენა სანაპიროზე საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერი ხელახლა გამოცხადდა