გაგიკვირდებათ და ხელშეკრულების მოშლის პროცესის დეტალები არ მაქვს შესწავლილი, - ასე პასუხობს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი კითხვას, რამდენად მზად არის მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტისთვის იმ შემთხვევაში, თუ დღის ბოლომდე კონსორციუმი შუალედურ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
მინისტრი იმედოვნებს, რომ კონსორციუმი საჭირო დოკუმენტაციას დღის ბოლომდე წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ განვითარდება მოვლენები ამაზე განცხადებას ხვალ გააკეთებს.
მისივე თქმით, მთავრობამ ხელშეკრულების შესრულება არაერთხელ გადაუვადა კონსორციუმს, მათ შორის ბოლო გადავადება 2019 წლის ივნისში განხორციელდა.
"ველოდებით ამ ვალდებულებების შესრულებას და ამასთან, მოვითხოვთ იმასაც, რომ იყოს კონსორციუმი საზოგადოებასთან პირნათელი მთავრობასთან ურთიერთობის თაობაზე ინფორმაციის სრულად და დაუმახინჯებლად მიწოდებაში ", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება ინვესტორებს, როგორც ცქიტიშვილი ამბობს, 21 და 29 ოქტომბერს ეწურებათ ვადა, როცა მთავრობამ უნდა განაცხადოს, რამდენად არიან ისინი მისაღები სახელმწიფოსთვის.
"თუმცა ეს არ უშლის კონსორციუმს ხელს ამ ინვესტორებთან ხელმოწერილი დოკუმენტები წარმოადგინონ, რომელიც დაადასტურებს, რომ ინვესტორები მზად არიან ჩადონ თანხები,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კონსორციუმს დღეს შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა ეწურება. კერძოდ, მან უნდა წარმოადგინოს ინვესტორებთან 220 მილიონი დოლარის ოდენობის, კონსორციუმის კაპიტალის შევსების თაობაზე შეთანხმებები. ასევე, უნდა წარმოადგინის საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები 400 მილიონი დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე.