თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენში საექსპლუატაციო ვადაგასული არც ერთი შემადგენლობა არ მოძრაობს. ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, 40 ახალი ვაგონის შესყიდვის შემდეგ, მეტროპოლიტენში 48 შემადგენლობიდან მხოლოდ 10 შემადგენლობა შეიცვლება.
"12 ახალი შემადგენლობა უკვე დავამატეთ მეტროპოლიტენს. ეს არის ჩვენს ბაზაში არსებული ძველი ვაგონების მოდერნიზება, რომელიც არ დადიოდა ქსელში და ახლა დადიან. 12 მატარებლით მეტი დადის ახლა მეტროპოლიტენში. ამაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯა. მარტო კახა კალაძის მერობის პერიოდი მაქვს მხედველობაში. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. ახლა, 40 ვაგონი ჩაანაცვლებს ტექნიკურად ექსპლუატაციიდან გასულ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც პასპორტის მონაცემებით ეწურება ექსპლუატაციის ვადა. ბაზაში მეტი სარეაბილიტაციო და სამოდერნიზაციო ვაგონები ჩვენ აღარ გვყავს. ახლა არც ერთ შემადგენლობა, რომელსაც საპასპორტო ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული თბილისის მეტროპოლიტენში არ დადის. ყველა ვაგონი, რომელიც მოძრაობს, ჯერ კიდევ იმყოფება ექსპლუატაციის პერიოდში. თადარიგს ვიჭერთ 2 წლით ადრე. ახლა არის 48-ზე მეტი შემადგენლობა და დაახლოებით, 192-მდე ვაგონი",- განაცხადა ხმალაძემ.
რაც შეეხება მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროცესს, როგორც ვიცე-მერმა განაცხადა, კონკრეტული ვადების დასახელება როდის დაიწყება და დასრულდება პროცესი, მას გაუჭირდება თუმცა, მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ექსპერტიზის სამუშაო მიმდინარეობს.
"დღეს ჩვენ გვაქვს მოძველებული ინფრასტრუქტურა. ხშირია შემთხვევები, როდესაც გაუმართაობის გამო მატარებელი მწყობრიდან გამოდის და ვეღარ ახერხებს გადაადგილებას, ხდება მისი ჩიხში გადაყვანის საჭიროება და მოსახლეობას უწევს ლოდინი. ეს იწვევს შეფერხებას და მგზავრთნაკადის მომატებას კონკრეტულ სადგურზე, რაც პრობლემაა. ყოველწლიურად ვაგონების მოდერნიზაცია-რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში თანხებია გათვალისწინებული და ეს პროცესი გაგრძელდება. რაც შეეხება სადგურების რეაბილიტაციას, საკმაოდ რთული მოვლენასთან გვქონდა საქმე. გახსოვთ, ტრაგიკული შემთხვევა ვარკეთილში ახლადრეაბილიტირებული სადგურის ჭერის ჩამოვარდნა, რისი მიზეზიც გახდა ის, რომ არსებული კონსტრუქციების კვლევის გარეშე მოხდა პროექტირება და სამუშაოების განხორციელება, ასევე არ იყო შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარებული. სამწუხაროდ, სამშენებლო და საპროექტო ბაზარზეც არ არის შესაბამისი მომსახურების მიწოდების საშუალება. ხდება არსებული კონსტრუქციების მდგრადობის შესწავლა და ამის მიხედვით ხდება პროექტირება, რაც მესმის, რომ დროსთან არის დაკავშირებული. მაგრამ მილიონობით ადამიანი, სადაც იყრის წლის განმავლობაში თავს, იქ უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ცოტა ხანი ავიტანოთ არასასურველი ვიზუალი, მაგრამ შესრულებული სამუშაო უნდა იყოს უსაფრთხო.
გამიჭირდება დეტალებზე საუბარი, როდის დაიწყება რეაბილიტაცია და როდის დასრულდება. ახლა მიმდინარეობს ექსპერტიზის სამუშაოები, უახლოეს პერიოდში უნდა გამოცხადდეს სამუშაოებზე ტენდერი",- განაცხადა ხმალაძემ.