„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წერილი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო, არ შეიცავს პორტის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ხედვებს და გეგმებს, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს შეზღუდული აქვს უფლება გაასაჯაროოს წერილის წინაარსი, თუმცა, როგორც მინისტრი ამბობს, კონსორციუმმა წერილთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას და შეცდომაში შეიყვანა.
"მივმართავ კონსორციუმს, თავად გაასაჯაროოს წერილი და მისცეს საზოგადოებას საშუალება ინტერპრეტაციის გარეშე გააკეთოს დასკვნები,"- აღნიშნავს მაია ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა გუშინ განაცხადა, რომ კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ხედავს პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარუდგინა, რაც მათ შორის, ითვალისწინებს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.