მაია ცქიტიშვილი - „ანაკლიის კონსორციუმის“ ვალდებულებაა, წარმოადგინოს ინვესტორებთან ხელმოწერილი შეთანხმებები პროექტში ინვესტიციების ჩადების თაობაზე, რაც ჯერ არ მიგვიღია

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ დღევანდელი ვალდებულებაა, ინვესტორებთან ხელმოწერილი შეთანხმებები პროექტში ინვესტიციების ჩადების თაობაზე, რაც ჯერ არ მიგვიღია, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვაზე ისაუბრა.

ცქიტიშვილი შეეხო კონსორციუმის მიერ წარმოდგენილ ინვესტორებს და უპასუხა კითხვას, ოფიციალურად რამდენი ინვესტორია წარმოდგენილი.

„ამ ეტაპზე კონსორციუმის მხრიდან ოფიციალურად წარმოდგენილია მხოლოდ ორი ინვესტორი. ერთი არის Meridian Capital Limited, ყაზახურ-ჰონგკონგური წარმოშობის კომპანია და მეორე - ჰოლანდიური კომპანია „ვანორდი“, რომელიც ასევე არის წარმოდგენილი კონსორციუმის მხრიდან, როგორც შესაძლო ინვესტორი. სხვა დოკუმენტაცია ან ინვესტორი დღეისთვის წარმოდგენილი ოფიციალური სახით კონსორციუმში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ცნობილია, რომ კონსორციუმი აწარმოებს მოლაპარაკებას კიდევ სხვადასხვა საინვესტიციო ფონდთან.

ხელშეკრულების შესაბამისად საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს ინვესტორები. მოგეხსენებათ, გვყავდა კონსორციუმის შემადგენლობაში მანამდე „კონტი ჯგუფი“, რომელიც მნიშვნელოვანი, 42%-იანი წილის მქონე ინვესტორი იყო. შესაბამისად, „კონტი ჯგუფის“ ჩანაცვლებაზეც მიმდინარეობს საუბარი. თუმცა, ამას გარდა, როგორც მოგახსენეთ, 120 მილიონი დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსება შეიძლება ხდებოდეს სხვა ინვესტორის შემოყვანითაც, მათ შორის. ამდენად, ხელშეკრულება ითვალისწინებს იმას, რომ ყველა ინვესტორი უნდა იყოს შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან, რისთვისაც ჩვენ გვაქვს ხელშეკრულების დადგენილი ვადა, რათა შევისწავლოთ ინვესტორების ვინაობა, მათი რეპუტაცია, ფინანსური მდგომარეობა და მათ შორის, შევისწავლოთ ისიც, თუ „კონტის“ ჩანაცვლების შემთხვევაში, თავისი გამოცდილებით თუ ფინანსური მდგომარეობით რამდენად შეესაბამებიან სატენდერო მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებით დადგენილი ვადა. „ვანორდის“ შემთხვევაში, ვადა იწურება 21 ოქტომბერს, „მერიდიან კაპიტალის“ შემთხვევაში - 29 ოქტომბერს. რა თქმა უნდა, დადგენილი ვადების ფარგლებში საზოგადოებას მივაწოდებთ ინფორმაციას“, - აღნიშნა მინისტრმა.

მანვე უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე, შემოთავაზებული წინადადებით 120 მილიონი დოლარის, საკუთარი კაპიტალის შევსების შესაძლებლობა ჩანს თუ არა.

„ჯერჯერობით, არ ჩანს. დღეს უნდა მივიღოთ ინფორმაცია, მანამდე მივიღეთ კონსორციუმიდან მომართვა მხოლოდ ამ ინვესტორების დასტურის თაობაზე ანუ, რამდენად იყო თუ არ იყო ეს ინვესტორები მისაღები სახელმწიფოსთვის. თუმცა, ის ვალდებულება, რაც დღეს აქვს შესასრულებელი, გულისხმობს უკვე კონსორციუმსა და ინვესტორებს შორის ხელმოწერილ სავალდებულო შეთანხმებებს პროექტში ინვესტიციების ჩადების თაობაზე, რაც დღეს ჯერ არ მიგვიღია, თუმცა სამუშაო დღის ბოლომდე არის ვადა და დაველოდოთ. ჩვენი მხრიდან ინფორმაცია ხვალ იქნება გავრცელებული“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.