გიორგი კვირიკაშვილი: გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ "ზომიერისა" და "დადებითის" ზღვარზე გადაინაცვლა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში მაჩვენებლის გაუმჯობესებით საქართველომ "ზომიერისა" და "დადებითის" კატეგორიების ზღვარზე გადაინაცვლა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, აქამდე ქვეყანა "უარყოფითსა" და "ზომიერის" კატეგორიების ზღვარზე იმყოფებოდა.

მინისტრის განმარტებით, აქტიური მუშაობა გრძელდება, რათა საქართველო "დადებით" კატეგორიაში რაც შეიძლება მალე გადავიდეს.

"144 ქვეყანას შორის საქართველოს რეიტინგმა 72-ე ადგილიდან 69-ე ადგილზე გადაინაცვლა. ეს არის "ზომიერი" რეიტინგის კატეგორია - ჩვენ ვიყავით "უარყოფითსა" და "ზომიერის" კატეგორიების ზღვარზე და გადავინაცვლეთ "ზომიერის" და "დადებითის" ზღვარისკენ. ეს არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგი, რომელსაც ის პერიოდულად აქვეყნებს. ამ რეიტინგის შედეგებში მონაწილეობენ მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციები. ჩვენი რეიტინგი გაუმჯობესდა მმართველობის ხარისხში, ასევე მოსახლეობის ჯანდაცვით უზრუნველყოფის კუთხით. სოციალური მიმართულებებით, ეფექტურობის და ტექნოლოგიურ ნაწილში, რა მიმართულებითაც ქვეყნის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა", - განაცხდა კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, აღნიშნულის მიუხედავად, მთავრობა თვითკმაყოფილების მდგომარეობაში არ არის და ფიქრობს, რომ სამუშაო კიდევ ბევრია.