"გიდასტურებთ, რომ SSA International-მა ანაკლიის პროექტში ექსკლუზიურობაზე მთავრობისგან უარი მიიღო"

გიდასტურებთ, რომ SSA International განიხილავდა პროექტში შესვლას და მისი პირობა იყო ასევე ანაკლიის პორტის ექსკლუზიურობა, მაგრამ კონსორციუმმა მთავრობისგან რაიმე სახის ექსკლუზიურობაზე უარი მიიღო, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მან უპასუხა კითხვას, თუ არის საუბარი კომპანია SSA International-ის პროექტში შემოსვლაზე, 120 მილიონი დოლარიდან 20 მილიონით და ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც SSA International ითხოვს, რომ ანაკლიის პორტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ექსკლუზიური იყოს.

„ეს ინფორმაცია არსებობდა. ჩვენ ამის თაობაზე ასევე კონსორციუმისგან გვქონდა ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ჩვენ ამ ეტაპზე, ანუ 120 მილიონი დოლარის კაპიტალის შევსების ფარგლებში ჯერ ოფიციალურად არ მიგვიღია. ჩვენ მივიღეთ მანამდე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ SSA International განიხილავდა პროექტში შესვლას და რა თქმა უნდა, ასევე გიდასტურებთ, რომ მისი პირობა იყო ასევე ანაკლიის პორტის ექსკლუზიურობა, რაზეც, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ ჯერ კიდევ 2016 წელს, კონსორციუმმა მთავრობისგან მიიღო უარი რაიმე სახის ექსკლუზიურობაზე. ამ უარის სანაცვლოდაც, მათ შორის, საინვესტიციო ხელშეკრულებაში დამატებით ჩაიდო საქართველოს მთავრობისგან 100-მილიონიანი მონაწილეობა ამ პროექტში“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.