„ფოლკსვაგენმა“ თურქეთში 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების ავტომწარმოებელი ქარხნის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დროებით გადადო.
გერმანული ავტომწარმოებელი კომპანიის გადაწყვეტილება თურქეთის მიერ სირიის ჩრდილო ნაწილში დაწყებულ სამხედრო ოპერაციას უკავშირდება, რამაც ფართო საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია.
ცნობისთვის, „ფოლკსვაგენმა“ თურქეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მანისაში თავისი ქვედანაყოფი ოქტომბრის დასაწყისში გახსნა და ამით ქვეყანაში თავისი ავტომობილების წარმოების დაწყებას ჩაუყარა საფუძველი. საწარმოს გახსნის გადადება შესაძლოა, მნიშვნელოვანი დარტყმა აღმოჩნდეს რეჯეპ ტაიპ ერდოღანისა და ზოგადად თურქეთისთვის, რომელიც გერმანიას თავის ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორად განიხილავს.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და შეშფოთებულები ვართ მოვლენების ამგვარი განვითარებით“- განაცხადეს ავტომწარმოებელ კომპანიაში და განმარტეს, რომ საწარმოს გახსნის გადადების გადაწყვეტილება კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო. ახალი ამბის გავრცელების შემდეგ თურქეთში ფოლკსვაგენის ავტომობილების ოფიციალური დისტრიბუტორის „დოგუს ოტომოტივის“ აქციები ვაჭრობის შედეგად 6,5 %-ით დაეცა.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიმდინარე კვირას თურქეთის პრეზიდენტთან გამართულ სატელეფონო მოლაპარაკებაში ოფიციალურ ანკარას სირიის ჩრდილოეთ ნაწილში წამოწყებული სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ დასრულება მოსთხოვა.
გეგმა, რომლის მიხედვითაც თურქეთში 300 ათასი მანქანა უნდა დამზადდეს და 5 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნას, „ფოლკსვაგენის“ საწარმოების რაოდენობას მსოფლიოს მასშტაბით, 123-მდე გაზრდის და აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანიის მანქანების გაყიდვების ზრდისთვის ხელშესაწყობად პლაცდარმას შექმნის. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტომობილების მწარმოებელი კომპანია თავის აზიელ მეტოქეებს კონკურენციას სწორედ ამ რეგიონებში ვერ უწევს მაღალი საწარმოო ხარჯებიდან გამომდინარე. „ფოლკსვაგენი“ საწარმოების გახსნის შესაძლებლობას ბულგარეთში, სერბეთში, რუმინეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განიხილავს.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა