განათლებაზე წვდომის გაფართოებისა და სასწავლო გარემოს ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს 90 მილიონი ევრო ასესხა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სასესხო ხელშეკრულება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმდა.
„განათლების რეფორმა არის მნიშვნელოვანი მიმართულება. ორ ნაწილად გადმოგვეცემა სესხი. 60 მილიონი ევრო სკოლების მშენებლობას მოხმარდება, თუმცა რეკონსტრუქციაც და რეაბილიტაციაც იგულისხმება. 30 მილიონი ევრო კი უშუალოდ განათლების სამინისტროს მიერ განიკარგება როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით,“ - აღნიშნა კაკაურიძემ.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია დაინტერესდა, მოიაზრება თუ არა ამ დაფინანსების ნაწილში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კომპონენტიც, რაზეც კაკაურიძემ უპასუხა, რომ ამ თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლამდელი განათლების ნაწილიც, მათ შორის სკოლამდელი განათლების უფრო საგანამანათლებლო კუთხით წარმოჩენა, ვიდრე ისე როგორც ახლაა. „აქ არის გათვალისწინებული 5 წლის ასაკის ბავშვებისთვის შესაბამისი პროგრამების შემუშავება. აქვეა ასევე მასწავლებელთა გადამზადების ნაწილიც, რათა შეძლონ ამ პროგრამის სწავლება. თუმცა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეფორმას სესხის გარდა, საბიუჯეტო სახსრებიც მოხმარდება,“ - აღნიშნა კაკაურიძემ.