პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა და ამჯერად შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები კომიტეტს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. გიორგი კაკაურიძის თქმით, აგრარული კუთხით დაფინანსების ჯამური მოცულობის გაზრდა მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტში შესაძლებელი იქნება. უფრო კონკრეტულად კი, აგრარულ ბიუჯეტში თანხების მოცულობის მატება აგროპროექტებისა და სასოფლო ტექნიკის მიმართულებით, შიდაგადანაწილების ხარჯზე არის შესაძლებელი.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე მიმართულებით გადაიხედა, მათ შორის ტექნიკის დაფინანსების, „დანერგე მომავლის“ და ჩაის აღორძინების პროგრამის მიმართულებით. ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული საკმარისი არ არის და დამატებითი რესურსების მოძიების საშუალება არსებობს.

„პროექტი მივიღეთ შენიშვნებით, 10-მდე შენიშვნაა წარმოდგენილი. მაინც იმ პოზიციაზე ვრჩებით, რომ არის მიმართულებები, სადაც მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ თანხები რაციონალურად გადანაწილდეს. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პროაქტიული თანამშრომლობა შედგა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის და შესაბამისად, რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მუხლი გადაიხედა. ამიტომ, განახლებულ ვერსიაში ველოდებით ასახვას”,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

ცნობისთვის, აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ერთი კვირის წინ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი კენჭისყრაზე არ დააყენა. აღნიშნულის მიზეზად არასაკმარისი დაფინანსება დასახელდა. კომიტეტმა შენიშვნების დიდი ნაწილი სწორედ აგროპროექტების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით დააფიქსირა. კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებდა, რომ აღნიშნულ სფეროში დაფინანსება უფრო ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნილი იყო.