„ანაკლიის კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ტედ ჯონასი - რუსეთს მიზეზი არ აქვს ანაკლიის პროექტს ეწინააღმდეგებოდეს

მიმაჩნია, რომ რუსეთს მიზეზი არ აქვს ეწინააღმდეგებოდეს ანაკლიის პროექტს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ტედ ჯონასმა განუცხადა.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ცხადად თქვა, რომ სურს ანაკლიის პროექტი. არ ვფიქრობ, რომ რუსეთს რაიმე მიზეზი აქვს, რომ არ მოსწონდეს ან ეწინააღმდეგებოდეს ამ პროექტს. შესაძლოა, მათ ეს არ მოსწონდეთ იმიტომ, რომ ამერიკა უჭერს ამ პროექტს მხარს", - აღნიშნა ჯონასმა.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ნოვოროსიისკის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და კონკურენციის საკითხს, ტედ ჯონასი აცხადებს, რომ ცხადია, რუსეთს შავ ზღვაში კომერციული ინტერესები აქვს.

"დიახ, რუსეთს აქვს კომერციული ინტერესი. გულწრფელად რომ გითხრათ, 1990-იან წლებში რუსეთი ძალიან ეწინააღმდეგებოდა მილსადენების პროექტებს, თუმცა საქართველომ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა და ჩვენმა კომპანიებმა განახორციელეს ეს პროექტები. რა თქმა უნდა, რუსეთს აქვს კომერციული და პოლიტიკური ინტერესი შავ ზღვასთან დაკავშირებით. ამ კუთხით შეიძლება იფიქრონ, რომ თუ ამერიკას და ევროკავშირს სურს რაღაც, ეს მათთვის შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ არ მგონია, რომ მათ ასე უნდა შეხედონ საკითხს. ვფიქრობ, მათ უნდა დაინახონ, რომ ეს გაზრდის კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონის კეთილდღეობას, რომლის ქვეყნებთანაც ვაჭრობენ და მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ," - განაცხადა ჯონასმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.