ინგლისის ბანკის შეფი ლიბრას კონცეპციას ემხრობა

ინგლისის ბანკის მმართველი მარკ კარნი „ფეისბუკის“ მიერ დაანონსებულ ციფრულ ვალუტა ლიბრას კონცეპციას მხარს უჭერს. ის თვლის, რომ ასეთი ვალუტების დამკვიდრება, საერთაშორისო საბანკო გადარიცხვებს უფრო მოსახერხებელს გახდის, რადგან ასეთ ოპერაციებს, ჩვეულებრივ გადარიცხვებთან შედარებით, ბევრი უპირატესობა გააჩნია.

კარნიმ განაცხადა, რომ არსებულ საერთაშორისო გადარიცხვებს რიგი პრობლემები ახასიათებს, მათ შორის, სიძვირე და ხანგრძლივობა. სიძვირის გამო, საშუალო და მცირე ფირმები გადარიცხვებისას მნიშვნელოვან მოგებას კარგავენ. ეს კი თანამედროვე პირობებში, განვითარებისთვის ძლიერი შემაფერხებელი ფაქტორია.

„დღევანდელ პირობებში, გადარიცხვების არსებული სისტემა მოუხერხებელია. ისინი მყისიერად უნდა ხორციელდებოდეს. ეს ოპერაციები ისეთივე სწრაფი უნდა იყოს, როგორც ბანკნოტების ონლაინ გაცვლაა. ახალი ტიპის გადარიცხვები, ფაქტობრივად, უფასოდ უნდა სრულდებოდეს და უნდა იყოს 100 პროცენტით მოქნილი. არსებობს ამის მიღწევის განსხვავებული გზები. ჩვენთვის გამოწვევა ისაა, რომ ონლაინ გადახდები და სხვა ტიპის ოპერაციები იმ სტანდარტამდე ავიდეს, რომლებიც არაერთ განვითარებად და განვითარებულ ქვეყანაში დამკვიდრდა“, - ამბობს კარნი.

ამასთან, ცენტრალური ბანკის მმართველი დასძენს, რომ ახალი მეთოდების დამკვიდრება, შესაბამისი სტრუქტურების მკაცრი მეთვალყურეობით უნდა განხორციელდეს. მისი თქმით, პროცესი არ უნდა იყოს იმის მსგავსი, როგორც სოციალური მედია დამკვიდრდა - დაიწყოს და სისტემა ამის მერე დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესის საერთო წესებისადმი დაქვემდებარება. „ჩვენ ან მისი რეგულირება უნდა შევძლოთ, ან საერთოდ არ უნდა დავუშვათ“, - დასძენს კარნი.