Google-მა სმარტფონ Pixel-ის ახალი თაობა წარმოადგინა

ამერიკულმა კომპანიამ Google-მა ფლაგმანი სმარტფონი Pixel 4 წარმოადგინა.

მისი პრეზენტაცია ნიუ-იორკში გაიმართა, რომლის პირდაპირი ტრანსლირება YouTube-ზე მოხდა.

ახალ ტელეფონს გაუმჯობესებული აქვს კამერა, რომელიც ახლა გაუმჯობესებული სენსორითაა აღჭურვილი და ღამის რეჟიმში ვარსკვლავების გადაღების საშუალებასაც კი იძლევა. სულ უკანა პანელზე ორი კამერაა დატანილი, თუმცა, კვადრატული პანელით ის ძალიან გავს კონკურენტ iPhone 11-ს.

მისმა შემქმნელებმა სმარტფონს ასევე დაამატეს ჟესტიკულაციით მართვის ფუნქცია. ასე რომ, ამიერიდან მომხმარებელს ხელის უბრალო გაქნევით შეუძლია მაგალითად, შეცვალოს სიმღერა, რომელსაც უსმენს ან გაუთიშოს ტელეფონს მელოდია, როცა რეკავს.

Pixel 4-ის ფასი შტატებში 799 დოლარიდან იწყება სტანდარტული 5,7 დიუმიანი მოდელისთვის და 899 დოლარს აღწევს დიდი ზომის მოდელის შემთხვევაში, რომლის ეკრანიც 6,3 დიუმია. ახალი სმარტფონი სამ ფერშია ხელმისაწვდომი - შავი, თეთრი და ნარინჯისფერი.

კომპანიამ ახალ სმარტფონთან ერთად ასევე წარმოადგინა ყურსასმენები Pixel Buds-ი, რომელიც აღჭურვილია ხმის ადაპტირებული ფუნქციით, რომელიც ხმას მაღლა ან დაბლა წევს იმის მიხედვით, თუ როგორ გარემოში უსმენთ მას. ეს უსადენო ყურსასმენები კონკურენტების მსგავსად იყიდება მის დამტენ მოწყობილობასთან ერთად. ისე კი ერთჯერადი დამუხტვით მას მუშაობა 24 საათის განმავლობაში შეუძლია. მისი ფასი 179 დოლარია.

კოკა კვირკველია