"ადამიანი კანონი თავისუფლება" : თბილისის ბიუჯეტში 500 000 ლარის მობილიზება შესაძლებელია

არასამთავრობო ორგანიზაციის - "ადამიანი კანონი თავისუფლება" შეფასებით, თბილისის ბიუჯეტში 500 000 ლარის მობილიზება შესაძლებელია.

თბილისის ბიუჯეტში შექმნილი პრობლემების ნაწილობრივ მოგვარების შესაძლებლობაზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჭულუხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"გასულ წელს ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება თბილისის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯებთან და გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით. მათ შორის იყო "თბილისის მერიის ბიგ-ბენდისთვის" მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენის და სარეკლამო კლიპების სატელევიზიო ეთერში განთავსების ტენდერები, რომლებიც ჯამში 760 000 ლარს აღწევდა. თბილისის მერიის ბიუჯეტის დამტკიცების გაჭიანურების პერიოდში, ორგანიზაციის ხელმძღვანელები მონაწილეობას იღებდნენ თბილისის მერიის მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილ განხილვებში, სადაც ცალსახად მოვითხოვეთ ზემოაღნიშნული ტენდერების ჩაშლა. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, აღნიშნული ხელშეკრულებები მაინც გაფორმდა, საიდანაც "თბილისის მერიის ბიგ-ბენდისთვის" მუსიკალური ინსტრუმენტებისთვის 194 270 ლარი, ხოლო კლიპების განთავსებისთვის 30 450 ლარი იქნა გამოყენებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარეკლამო კლიპების განთავსებისთვის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულების 95%-ის, ანუ 534 550 ლარის მომსახურების გაწევა დღემდე არ მომხდარა. თუმცა, ხელშკრულების დანართის მიხედვით, რეკლამების განთავსება ყოველთვიურად იყო გათვალისწილებული", - განაცხადა გიორგი ჭულუხაძემ.

გამომდინარე იქიდან, რომ წლის მესამე კვარტალი სრულდება, ხოლო წლის ბოლომდე თბილისის ბიუჯეტს ფინანსური პრობლემები აქვს, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გამოყენება სხვა პრიორიტეტების დასაფინანსებლად უნდა იქნას მიმართული.

"იმის გათვალისწინებით, რომ წლის ბოლო ახლოვდება, თბილისს ახალი მთავრობა ჰყავს და განიხილავს კომერციული ბანკისგან სესხის აღებას ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის გამო, მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში ნახევარი მილიონზე მეტი თანხის სარეკლამო კლიპების განთავსებისთვის გამოყენება არასწორი გადაწყვეტილება იქნება", - განაცხადა ჭულუხაძემ და თბილისის მერ დავით ნარმანიას მიმართა, დაავალოს შესაბამის სამსახურს, რომ 534 550 ლარიდან მინიმუმ 500 000 ლარის გამოყენება სოციალური პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად იქნას მიმართული.