სირიის ჩრდილოეთით თურქეთის მიერ წარმოებული საომარი ოპერაცია თურქეთის ეკონომიკას ძვირი უჯდება.
ამის შესახებ ამერიკის ვაჭრობის მინისტრმა უილბორ როსმა განაცხადა.
ვაშინგტონში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მან საზოგადოებას დონალდ ტრამპის განკარგულება შეახსენა, რომელიც თურქეთიდან იმპორტირებულ რკინაზე საბაჟო ტარიფის 50%-მდე გაზრდას ითვალისწინებს, ასევე თურქეთთან სავაჭრო საკითხებში მოლაპარაკებების შეწყვეტას, რომელიც გამოწვეულია ანკარას ქმედებებით სირიაში.
„თუ ეს ქმედებები გაგრძელდება თურქეთის ეკონომიკისთვის ის დიდ დანახარჯებს მოიტანს. თურქეთს მოუწევს ომის გამო უარი თქვას პოტენციურ ინვესტიციებზე, რომლებიც არ ჩადებენ ომის მწარმოებელ ქვეყანაში ფულს. ამავდროულად სავაჭრო შეთანხმება თურქეთის მშპ-ს 4%-იან ზრდას გამოიწვევდა და დამატებით 150 ათას სამუშაო ადგილს შექმნიდა,“ - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარა ამტკიცებს, რომ ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვრებთან „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობაა. ანკარას ამ გადაწყევტილებას აშშ, ევროკავშირი და რუსეთი ეწინააღმდეგებიან.