ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით კორპუსებში გაზის დეტექტორების დაყენება, რომელიც ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ დააანონსა, წელს არ მოხდება.
„ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკის სამინისტროში მოიკითხა, რა სტადიაზეა საკითხზე მუშაობა. როგორც სააგენტოს უწყებაში განუცხადეს, ტექნიკურ რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე მუშაობა, რომელიც ბუნებრივი აირის დეტექტორების გამოყენების ვერსიასაც მოიცავს, ამჟამად მიმდინარეობს, რა პროცესიც წლის ბოლომდე დასრულდება.
“მიმდინარეობს სამუშაო პროცესი ტექნიკურ რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ მომხმარებელი იყოს მაქსიმალურად დაცული, ბუნებრივი აირის მოწყობილობების მონტაჟი მოხდეს ლიცენზირებული, პროფესიონალი სპეციალისტების მიერ და განხორციელდეს მკაცრი კონტროლი გაზის არასწორი მოხმარებით გამოწვეული უბედური შემთხვევების პრევენციისთვის. ამ მიზნის მისაღწევად კერძო სექტორთან ერთად მუშავდება სხვადასხვა სქემები, მათ შორის დეტექტორების გამოყენების ვერსიაც. საბოლოო შედეგები ასახული იქნება ტექნიკური რეგლამენტის პროექტში “, - განაცხადეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნისას, 28 იანვარს განაცხადა, რომ ახალაშენებულ კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდებოდა, ხოლო ძველ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეღავათიან პაკეტს შესთავაზებდნენ.
საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ზამთრის ბოლო სეზონზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში, მათ შორის 16 იანვარს, დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.