"რეზონანსი" - არჩევნების შემდეგ მოსახლეობას გაზის ქსელის შემოწმებაში ფულს გადაახდევინებენ

ბუნებრივი აირის შიდა გაყვანილობის შემოწმება სავალდებულო ხდება, რისთვისაც მოსახლეობას შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევს. ცვლილების შეტანა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში იგეგმება. კანონპროექტი უკვე მომზადებულია, თუმცა ენერგომბუდსმენი ამბობს, რომ ცვლილებები 2021 წელს ამოქმედდება.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზი ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა მიერ გაუმართავი შიდა ქსელის ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაა.

„კანონპროექტში ცვლილების შეტანა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შემოთავაზებული ცვლილებით დგინდება საცალო მომხმარებლის ბუნებრივი აირის შიდა ქსელის შემოწმების განხორციელების სავალდებულოობა აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ“, - ნათქვამია პროექტში.

სამომავლოდ გაზის საცალო მომხმარებელს მოუწევს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მომსახურების თანხის გადახდა, ხოლო, თავის მხრივ, აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოები მიიღებენ შემოსავალს, გაზის საცალო მომხმარებლის შიდა ქსელის შემოწმების მომსახურებისათვის.

კანონპროექტის მიღება თავის მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მოახდენს გავლენას. რადგან აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანო, ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლის შიდა ქსელის შემოწმების მომსახურებისათვის მიღებულ შემოსავალზე კანონმდებლობით დადგენილ გადასახადს გადაიხდის.

ენერგომბუდსმენი ამბობს, რომ რეგულაცია საერთაშორისო პრაქტიკის ანალოგი და ენერგოუსაფრთოებისათვის აუცილებელია. სალომე ვარდიაშვილი ცვლილებების მომზადებაში თავად მონაწილეობდა და მისი თქმით, პრაქტიკაში დანერგვა 2021 წლიდან დაიწყება.

,,ცვლილებები 2021 წლიდან შევა ძალაში, ამიტომაც არც მიახლოებითი ტარიფები და არც კონკრეტული მონახაზი ამ ეტაპისათვის ცნობილი არ არის. იქამდე 1 წელია და უფრო კონკრეტულად დაიგეგმება და ჩამოყალიბდება რეგლამენტი თავისი ფუნქციებით, საფასურით და სხვა დეტალებით.

ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ეს ცვლილებები არის აუცილებლად განსახორციელებელი. ასეთია საერთაშორისო პრაქტიკაც. იქ სწორედ მომხმარებელი უზრუნველყოფს წელიწადში ერთხელ უფლებამოსილი პირების გამოძახებას და ეს პრაქტიკა დაინერგება ჩვენთანაც. ამ ეტაპზე ზუსტად ვერ გეტყვით, როგორი იქნება მთავრობის რეგლამენტი, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების დაგეგმვასა და შემუშავებაში უშალოდ ვმონაწილეობდი”, - განუცხადა ვარდიაშვილმა ,,რეზონანსს”.

გარდა შიდა გაყვანილობის შემოწმებისა, დაგეგმილია ცვილილებაც, რომლის მიხედვითაც ყველა აბონენტს უნდა დაუმონტაჟდეს დეტექტორიც. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში დაანონსდა, თითქოს ეს ნორმა ზამთრის დასაწყისში უკვე იმოქმედებდა, თუმცა კანონი ეკონომიკის სამინისტროში ,,გაიყინა”.

ენერგოუსაფრთოებისათვის ნორმების გამკაცრება რომ აუცილებელია, ამას პირდაპირ ამბობს აკადემიკოსი სიმონ ბარამიძეც. მისი თქმით, რადგან ქვეყანას არ გააჩნია ეკონომიკა, ყველა ხარჯის გაწევა მოსახლეობას უწევს, რაც არასწორია, თუმცა რეგულაციები და დაცვა რომ საჭიროა ეს უდავოა.

,,შემოწმება აუცილებელია და წესით უნდა დაევალოს გამანაწილებელ კომპანიებს, რადგან გაზი ფეთქებადსაშიში ნივთიერებაა. არ შეიძლება ასეთი დერეგულირებული სექტორი, თორემ ვხედავთ რამდენი ადამიანის სიცოცხლეც ეწირება ყოველ წელს.

ყველგან ჩემს გამოსვლაში ვამბობ ერთსა და იმავეს, აუცილებელია, რომ გაზს დაემატოს ოდორანტი, ამის გარეშე უსაფრთოება გამორიცხულია. ეს უნდა გავიაზროთ.

ალბათ წამოიჭრება პრობლემა, როცა კონკრეტული აბონენტები სახლში არ იქნებიან ან კარს არ გააღებენ, ან მსგავსი რამ. ასეთ შემთხვევაში ის ქსელი მომენტალურად უნდა გადაიკეტოს, რადგან საფრთხეს არა მარტო საკუთარ, სხვების უსაფრთხოებასაც ექმნება”, - აღნიშნა აკადემიკოსმა ,,რეზონანსთან” საუბრისას.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი "რეზონანსი"