მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული საქმე საერთაშორისო არბიტრაჟში ვიხილოთ

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული საქმე შესაძლოა, საერთაშორისო არბიტრაჟში ვიხილოთ.

როგორც მაია ცქიტიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვა, შესაძლოა თუ არა ანაკლიის პორტის საქმე საერთაშორისო არბიტრაჟში ვიხილოთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ეკუთვნის.

„იმ ფონზე, როდესაც გვესმის ისეთი ტიპის საჯარო ბრალდებები, როგორიცაა „საბოტაჟი“, „დივერსია“, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი სინამდვილეში ემზადებოდნენ ამ საქმის არბიტრაჟისადმი მიმართვისთვის. გუშინ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს მხრიდან მოვისმინე საუბარი პარტნიორულ ურთიერთობაზე და პარტნიორულ ურთიერთობას პირველ რიგში არ შეესაბამება ასეთი ტერმინოლოგია და მიდგომა“, - აცხადებს მინისტრი.

მისივე თქმით, მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს საკუთარი კაპიტალის შევსებისა და ინვესტორ ბანკებთან საბოლოო შეთანხმების მიღწევის ვადას წლის ბოლომდე აძლევს და ამჟამად კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას არ აპირებს.