რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მთავრობისადმი გაგზავნილი წერილით არა მხოლოდ ვალდებულებებთან მიმართებით დაიზღვია თავი, არამედ სრულიად არაპარტნიორული დამოკიდებულების დემონსტრირება მოახდინა.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რა წერია წერილში, ამის თქმის უფლება არ აქვს და წერილის შინაარსთან დაკავშირებით შეკითხვა უმჯობესია ჟურნალისტებმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორ ლევან ახვლედიანს დაუსვან.
„გუშინ ჩვენ მივმართეთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომ მათ გაესაჯაროვებინათ ეს წერილი. გუშინაც ვთქვი, რომ კონსორციუმმა საუბარი აგვიკრძალა ამ წერილის შინაარსზე და წერილის მიღების ფაქტზეც კი. გუშინ, ასევე მოვისმინე ძალიან საინტერესო კომენტარები ლევან ახვლედიანის მხრიდან, თითქოს, ის იურისტებთან გადაამოწმებდა, რამდენად ჰქონდა მას ამ წერილის გასაჯაროვების უფლება. მე გიდასტურებთ, რომ არათუ უფლება ჰქონდა, არამედ თავად გადაწყვიტეს ამ წერილის კონფიდენციალურობით დაფარვა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ოდესღაც გასაჯაროვდება კონსორციუმის მიერ მთავრობისადმი მიწერილი წერილი, რომლის შინაარსაც ყველა მიხვდება.
„რა თქმა უნდა, თავი დაიზღვია (კონსორციუმმა) და არამარტო თავი დაიზღვია, არამედ ასეთი სრულიად არაპარტნიორული დამოკიდებულების დემონსტრირება მოახდინა. მას შემდეგ, რაც ისინი გაასაჯაროვებენ ამ წერილს და ოდესღაც ეს წერილი გასაჯაროვდება, თქვენ ნახავთ, ნამდვილად დარწმუნდებით, რომ სამწუხაროდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ტაქტიკა აქვს აჩეული, როდესაც ისინი ამბობენ, რომ წერილში მითითებული არის კონკრეტული ხედვა და გეგმა პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით. როდესაც გაეცნობით ამ წერილის შინაარს, თქვენ მიხვდებით ყველაფერს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.