ძლიერმა წვიმამ გორის რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დააზარალა

წუხანდელმა ერთსაათიანმა ინტენსიურმა წვიმამ გორის რაიონის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა დააზარალა და სასოფლო გზებზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა.

განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ხიდისთავი, სადაც ათობით სახლია დატბორილი. ამ წუთებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახანძრო და სამაშველო სამსახურები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.

"ხიდისთავი, ატენი და ტინისხიდი დააზარალა სტიქიამ, თუმცა, ყველაზე რთული მდგომარეობა ხიდისთავშია. პირველ ეტაპზე, სახლების სარდაფებიდან და ეზოებიდან ხდება ნალექის შედეგად მოვარდნილი წყლის ამოტუმბვა, შაბათს კი, საგანგებო კომისია შეიქმნება და თითოეულ ოჯახში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა.